მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს უკვე აქვს პრობლემები არაერთი მიმართულებით, ამ კანონის დამატება სერიოზული უკუსვლა იქნებოდა - კუკავა

6409f62dc3707
ნინო ტაბატაძე
09.03.23 19:30
903
ამ კანონპროექტმა ზიანი მოგვაყენა, ეს ცხადია - ასე აფასებს ე.წ „აგენტების შესახებ“ კანონპროექტების ინიცირებას და განვითარებულ მოვლენებს IDFI-ის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი მიხეილ კუკავა.

ეკონომისტი ამბობს, რომ საქართველოს უკვე აქვს პრობლემები არაერთი მიმართულებით და ამ კანონის დამატება ძალიან სერიოზული უკუსვლა იქნებოდა.

„გუშინ Financial Times -მა, რომელსაც ვერ დააბრალებ იმას, რომ თუთიყუშივით იმეორებს ვინმეს ნათქვამს, პირდაპირ დაწერა, რომ ეს იყო „რუსული კანონპროექტი“ (იმ კანონპროექტზე,რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო) Financial Times-ი არის ის გამოცემა, რომელსაც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი კითხულობს, არამხოლოდ ფინანსებით და ეკონომიკით დაინტერესებული. ეს არის ამინდის შემქმნელი პრესა. ამიტომ სრულიად ცხადია რა შედეგები გვექნებოდა (ამ კანონების მიღებით). ისედაც უკან მივდივართ. ეკონომიკური თავისულების 2023 წლის ინდექსში საქართველო დაქვეითდა 26-დან 35-ე ადგილამდე. 2012 წელს ვიყავით 21-ე ადგილზე. ჩვენ დღეს ვართ ზომიერთად თავისუფალი ქვეყანა და არა ძირითადად თავისუფალი, როგორც ვიყავით. ეს პირდაპირ მოახდენდა ინვესტორებზე გავლენას. ისედაც პრობლემები გვაქვს უამრავი მიმართულებით, სასამართლოს მიმართულებით. ამ კანონის დამატება იქნებოდა ძალიან სერიოზული უკუსვლა“, - განაცხადა მიხეილ კუკავამ „საქმის კურსში“ სტუმრობისას.

მიხეილ კუკავა მიიჩნევს, რომ კარგია კანონპროექტების გაწვევა, თუმცა ასევე აუცილებელია სწრაფი რეფორმების გატარება, რომ მიღებული ზიანის დეკომპენსირება მოხდეს.

„ზიანი, რომელიც მოგვადგა უნდა დავაკომპენსიროთ იმით, რასაც სხვა შემთხვევაში არ გავაკეთებდით - გავატაროთ რეფორმები. რომ ამ ქვეყნის შელახული იმიჯი გავათეთროთ დანარჩენი მსოფლიოს თვალში. ნამდვილად მისასალმებელია, რაც გააკეთეს. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს“, - ამბობს ეკონომისტი.

კითხვაზე სჯერა თუ არა რომ მთავრობა მზადაა სწრაფი რეფორმების გასატარებლად, მიხეილ კუკავა პასუხობს, რომ ამის დასანახად საუკეთესოა მთავრობისგან კიდევ ერთი მაგალითის ჩვენება.

„ეს შეიძლება მხოლოდ კიდევ ერთი მაგალითით დავინახოთ. ამ კანონპროექტამდეც ჩვენ ფეხს ვითრევდით ევროკავშირის 12-დან ყველაზე მთავარი რეკომენდაციების შესრულებისგან. ახლა ჩვენ გვჭირდება არამხოლოდ 12 რეკომენდაციის შესრულება შელახული იმიჯის აღსადგენად, არამედ გაცილებით მეტი, რომ ჩვენ დავიბრუნოთ უმთავრესი კონკურენტული უპირატესობა - ბაზრის თავისუფლება, რასაც სამართლიანად ასახავდა არაერთი ინდექსი. უნდა ვიყოთ დანარჩენი მსოფლიოს თვალში ქვეყანა, რომელიც ორიენტირებული განვითარებაზე და აქვს ის, რასაც ვერ ნახავ სხვაგან“, - ამბობს მიხეილ კუკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები