მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე სრული პასუხისმგებლობა ივანიშვილს და მის პარტიას ეკისრება - რასა იუკნევიჩიენე

რასა იუკნევიჩიენე

"საქართველოს უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე სრული პასუხისმგებლობა ივანიშვილს და მის პარტიას ეკისრება", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას განაცხადა.

მან ასევე განაცხადა, რომ ხედავენ ქართველი ხალხის ბრძოლას და სურვილს, სვლა ევროკავშირის წევრობისკენ გააგრძელონ.

"ვინ იფიქრებდა, რომ საქართველო - ერთ დროს დემოკრატიის მედროშე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - ლუკაშენკოს სტილის ავტოკრატიად იქცეოდა? რომ დღეს ვილაპარაკებდით არა მხოლოდ ბელარუსებსა და ლუკაშენკოს პატიმრებზე, არამედ საქართველოსა და ბიძინა ივანიშვილის პატიმრებზე?.. ევროპარლამენტის წევრებისა და ევროკავშირის ელჩების წინააღმდეგაც ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმებმა მხოლოდ გააძლიერა ჩვენი საერთო პოზიცია. გვესმის, რომ ეს განცხადებები არ ასახავს ქართველი ხალხის ხედვებს. ვხედავთ მათ ბრძოლას და ვაღიარებთ მათ ცხად სურვილს, გააგრძელონ სვლა ევროკავშირის წევრობისკენ. საქართველოს უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე სრული პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და მის პარტიაზეა. უვიზო მოგზაურობა დემოკრატიულ ქვეყნებს ეძლევა და არა რეჟიმებს, რომლებიც მოქალაქეებს პოლიტიკური მიზეზებით აპატიმრებენ”, - განაცხადა იუკნევიჩიენემ.

რასა იუკნევიჩიენემ, ასევე განაცხადა, რომ საქართველოზე რეზოლუციაში, - რომლის მიღებაც დღეს იგეგმება და რომელიც ეყრდნობა „საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2023 და 2024 წლების ანგარიშებს", შესწორებები შევა.

„მოხდა რეზოლუციის ტექსტის განახლება, რათა ავსახოთ უახლესი მოვლენები, კერძოდ, ოპოზიციის თითქმის ყველა მთავარი ლიდერის დაკავება, რაც პოლიტიკურად მოტივირებულია და ცნობილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სამართლებრივი დევნა“, - განაცხადა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ „ოპოზიციის მთავარი ლიდერების დაპატიმრების გამო, მოახლოებული მუნიციპალური არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალ და სამართლიანად“.

რაც შეეხება ზეპირ შესწორებებს, შემდეგია:

პირველი ეხება მზია ამაღლობელს: „პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაუარესებას, - ის კარგავს მხედველობას, არ იღებს სათანადო სამედიცინო მომსახურებას და პოლიტიკური მიზეზების გამო ციხეში რჩება“.

მეორე შესწორება კი „ამკაცრებს ფორმულირებას, რომელიც ეხება ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების გადახედვას“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები