მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოს „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონი ექნება

6139f324e523c
ელენე გოგბერაშვილი
10.09.21 09:00
1874
საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ ახალი კანონპროექტის განხილვებს გეგმავს.

კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით, ევროკავშირის აქტების მიხედვით მოამზადა.

კანონპროექტოს განმარტებით ბარათში სამინისტრო განმარტავს, რომ დღემდე მოქმედი "წყლის შესახებ" კანონი, რომელიც 1997 წლის 16 ოქტომბერსაა მიღებული, წყლის რესურსების მართვის ძველ სისტემას ემყარება და არ შეესაბამება თანამედროვე, ევროპულ მიდგომებს და სტანდარტებს.

ახალ კანონს კი წყლის მართვის სრულიად ახალი სისტემა შემოაქვს. 

„დღეისათვის წყლის რესურსების მართვა ხდება ცენტრალიზებულად და არა ამა თუ იმ წყლის ობიექტის გეოგრაფიულ საზღვრებში - მდინარის აუზის/სააუზო უბნის დონეზე, რაც შეუძლებელს ხდის წყლის რესურსების მდგრად გამოყენებას. ალტერნატივას წარმოადგენს სააუზო მართვის მოდელი, რომელიც გულისხმობს ინტეგრირებულ მიდგომას და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს წყლის რესურსების მდგრად გამოყენებას“.

ცვლილებების ინიციატორი უწყება ასევე აღნიშნავს, რომ სამართლებრივი რეგულირების მიღმაა დარჩენილი წყლის რესურსების დაცვისა და წყლით რაციონალური სარგებლობის თვალსაზრისით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიც არის წყალსარგებლობის მთელი რიგი ფორმები (მათ შორის, ზედაპირული წყლის ობიექტებიდან წყალაღება), ჩამდინარე წყლებით წყლის ობიექტების დაბინძურება (წყალჩაშვება) და სხვ.

„კანონპროექტის მიზანია, წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პრინციპების შესაბამისად და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის, შიდა ზედაპირული წყლების, გარდამავალი წყლების, სანაპირო წყლების და მიწისქვეშა წყლების დაცვისა და მდგრადი გამოყენებისთვის ძირითადი საფუძვლების ჩამოყალიბება, წყლის რესურსების სფეროში შესაბამისი ევროდირექტიევის პრინციპების და მოთხოვნების შესაბამისად“.

მას შემდეგ, რაც პარლამენტი ახალ კანონს მიიღებს, ამოქმედდება როგორც წყლის რესურსების სააუზო მართვის სისტემა, ისე შემოღებული იქნება სპეციალური წყალსარგებლობის სანებართვო რეჟიმი.

ამასთან, წყლის გამოყენების აღრიცხვის სისტემის მოწესრიგებასა და სხვა ღონისძიებებისთვი საჭირო ინსტიტუციური ცვლილებები დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან, რაც კანონპროექტის განმარტებით ბარათში დაკონკრეტებული არ არის.

ინფორმაციისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა "წყლის დიდი რეფორმის" შესახებ პირველად, გასულ წელს  #Forbestalks-ში ისაუბრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები