2026 წლის იანვარში რუსეთის ფედერაციიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე ბაჟი 36,5%-ით გაიზრდება და დეკემბრის 8 214,5 რუბლიდან ტონაზე 9 298,6 რუბლს მიაღწევს. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლიდან საქართველოს ზეთის იმპორტი გაუძვირდება, რადგან მზესუმზრის ზეთის მთავარი იმპორტიორი სწორედ რუსეთია.
მათივე ცნობით, 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად მზესუმზირის შროტზე ბაჟი ნულოვანი იქნება.
საორიენტაციო ფასი, რომელთა საფუძველზეც ბაჟი გამოითვალა, შემდეგნაირია: ზეთზე — 1 200,2 აშშ დოლარი ტონაზე (ერთი თვის წინ — 1 169,5 დოლარი), შროტზე — 195,7 დოლარი (210,9 დოლარი).
ბაჟის ოდენობა საბაზისო და საინდიკაციო ფასებს (ბაზარზე არსებული ფასების საშუალო არითმეტიკული ერთი თვის განმავლობაში) შორის სხვაობის 70%-ს შეადგენს.
რუსეთის ფედერაციამ „მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე საბაჟო გადასახადი 2021 წლის 1 სექტემბრიდან აამოქმედა. თავდაპირველად ბაჟი დოლარში ანგარიშდებოდა, 2022 წლის ივლისიდან კი — რუბლში.
მზესუმზირის ზეთის საბაზისო ფასი ტონაზე 82 500 რუბლს შეადგენს, შროტზე კი — 15 875 რუბლს.
2024 წლის აგვისტოში მცურავი ბაჟი ერთბაშად ორი წლით — 2026 წლის 1 სექტემბრამდე გახანგრძლივდა. 2025 წლის ოქტომბერში კი რუსეთის მთავრობამ მათი მოქმედების ვადა 2028 წლის 31 აგვისტომდე გადაწია.
ცნობისთვის, რუსეთის საქართველოსთვის ზეთის მთავარი მომწოდებელი ქვეყანაა. წელს საქართველოს ზეთის იმპორტი გაუძვირდა. 11 თვეში ქვეყანაში ჯამში, 60 მილიონ 447 ათასი დოლარის ღირებულების 40 147 ტონა ზეთი შემოვიდა. იმპორტის ღირებულება 35.6%-ით გაიზარდა, მოცულობა კი 3.5%-ით შემცირდა.
რუსეთიდან საქართველომ 50 მილიონ 254 ათასი დოლარის ღირებულების 33 155 ტონა ზეთი შეიძინა, მაშინ როდესაც გასულ წელს ამავე პერიოდში 37.5 მლნ დოლარის 36 315 ტონა რუსული ზეთის იმპორტი მოხდა.
საქართველო ზეთს ასევე უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ყიდულობს.




























