მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსა და ემორის უნივერსიტეტს შორის 30-წლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

6406fc09db324
ლიკა მეგუთნიშვილი
07.03.23 13:08
699
ემორის უნივერსიტეტსა და საქართველოს შორის 30-წლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავი საიუბილეო ცერემონია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ქართულ-ამერიკულმა მხარეებმა ის პროექტები შეაჯამეს, რომლებიც 1992 წლიდან დღემდე, ჯანდაცვისა და განათლების სფეროში განხორციელდა. 30-წლიანი პარტნიორობის შედეგად ქვეყანაში განვითარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სამედიცინო განათლების სისტემა, ასევე, მნიშვნელოვნად გაძლიერდა ჰოსპიტალური სექტორი.

“საქართველოსა და ემორის უნივერსიტეტს შორის ურთიერთობა უამრავი მიზეზის გამო ძალიან მნიშვნელოვანია. უპირველესად, ემორის უნივერსიტეტმა შეძლო, საქართველოში სამედიცინო სისტემების გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა. ჩვენ ასევე აქტიურად ვახორციელებთ სხვადასხვა გაცვლით პროგრამას, ქართველი სტუდენტები თუ პროფესორ-მასწავლებლები ჩამოდიან ემორიში და ჩვენს სტუდენტებს თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ. საქართველოსთან დაკავშირებით კიდევ არაერთი საინტერესო გეგმა გვაქვს, რომელსაც უახლოეს მომავალში განვახორციელებთ”, - აცხადებს ემორის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი გლობალური სტრატეგიისა და ინიციატივების დარგში, ფილიპ ვეინვრაითი.

“დღევანდელი ღონისძიება შესანიშნავი მაგალითია, იმ ძლიერი პარტნიორობისა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს აკავშირებს. სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში მხარი დავუჭირეთ ჯანდაცვისა და განათლების სფეროს და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, ამ მიმართულებებით აქტიურად ვმუშაობთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობის შედეგად საქართველოში კვლევის პროცესები თუ ჰოსპიტალური მიმართულებები გაუმჯობესდა და მათი შესაძლებლობები განვითარდა. ეს ყოველივე, რაღა თქმა უნდა, სწორედ ქართველი ხალხის კეთილდღეობას ემსახურება”, - განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.

ემორის უნივერსიტეტსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, ქვეყანაში დაინერგა და განვითარდა თანამედროვე ჯანდაცვის სისტემისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა: კრიტიკული მედიცინისა და პრეჰოსპიტალური მკურნალობის გაუმჯობესება, პირველი უწყვეტი საექთნო განათლების პროგრამის ჩამოყალიბება, თანამედროვე სარეაბილიტაციო სერვისების, ასევე შიდსის, ტუბერკულოზისა და ვირუსული ჰეპატიტების პროგრამის ჩამოყალიბება. ურთიერთობის შედეგად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შეიქმნა დიპლომირებული მედიკოსის პირველი ამერიკული პროგრამა, 2021 წლიდან კი ფუნქციონირება ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიამ დაიწყო. 2019 წელს კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეიქმნა.

„ემორის უნივერსიტეტსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შედეგად ჩვენს ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, როგორიც იყო, მაგალითად, სამხრეთ კავკასიაში პირველი თანამედროვე დასავლური ტიპის გადაუდებელი მედიცინის ჩამოყალიბება. ეს პირველი პროექტი იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში განხორციელდა და მან უდიდესი სარგებელი მოუტანა ქვეყანას და ქართველ პაციენტებს. ამისათვის კენ ვოლკერმა და მისმა პარტნიორებმა სპეციალური ჯილდოც მიიღეს.

ასევე, ემორის უნივერსიტეტმა ძალიან დიდი როლი შეასრულა შიდსის, C ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის მკურნალობის მიმართულებით. სწორედ ემორის უნივერსიტეტში შეიქმნა C ჰეპატიტის სამკურნალო წამალი და შემდგომ, გილიარდთან უშუამდგომლა საქართველოს, რომ ეს წამალი უფასოდ მიგვეღო“, - განაცხადა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორმა, არჩილ უნდილაშვილმა.

ემორი-საქართველოს პროექტების საიუბილეო ღონისძიება კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი მიღების სტუდენტების თეთრი ხალათების ცერემონიალით დასრულდა. ემორის უნივერსიტეტი საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობისა და არაერთი პროექტის განხორციელებას მომავალშიც აქტიურად გეგმავს.

1992 წლიდან ემორის უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტზე განათლება საქართველოს 300-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო. დღევანდელი მონაცემებით, ემორიში კლინიკურ პრაქტიკას წელიწადში 30-მდე სტუდენტი/მომავალი ექიმი გადის. აღნიშნული პროექტები USAID-ის, ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტებისა და სხვა ავტორიტეტული ფინანსური ორგანიზაციების ხელშეწყობით ფინანსდება.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბება ჯერ კიდევ 80-იან წლებში დაიწყო. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივით, საფუძველი ჩაეყარა აშშ-ს სხვადასხვა შტატსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ურთიერთობებს. რაც გახდა საფუძველი ემორის უნივერსიტეტსა და საქართველოს სამედიცინო და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის 30 წლიანი ისტორიისა, რომელიც სათავეს 1992 წლის ივნისში იღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები