საქართველოსა და ჰონკონგს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა.
გუშინ, პირდაპირი ფრენების ხელშეკრულებას სეიშელთან მოეწერა ხელი.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მალაიზიის ქალაქ კუალა-ლუმპურში ICAO-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (ICAN 2024) ფარგლებში, შეხვედრა შედგა საქართველოსა და ჰონკონგის საავიაციო ხელისუფლებებს შორის. მხარეებმა საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმების პროექტი განიხილეს. წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, განხორციელდა ხსენებული შეთანხმების პარაფირება, ამასთან, საქართველოსა და ჰონკონგის საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გივი დავითაშვილმა.
მემორანდუმის თანახმად, ქართულ და ჰონკონგურ ავიაკომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ, საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმების ძალაში შესვლამდე, რეგულარული სამგზავრო და სატვირთო ფრენები განახორციელონ საქართველოსა და ჰონკონგს შორის ტევადობის, სიხშირისა და საჰაერო ხომალდის ტიპის შეუზღუდავად.
„ჰონკონგი არის წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ცენტრი აზიის რეგიონში. მიმდინარე წლის სექტემბრიდან, ჩინეთის ჰონკონგის სპეციალურმა ადმინისტრაციულმა რეგიონმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა. საჰაერო მიმოსვლის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება საქართველოსა და ჰონკონგს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების დაწყების ხელშემწყობ წინაპირობას ქმნის. დარწმუნებულნი ვართ, რომ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ავიაკომპანიების მხრიდან ახალი მიმართულების მიმართ დაინტერესება გაიზრდება.“ - განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეები ჩინეთის ჰონკონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ.
ჰონკონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ 30 დღე შეუძლიათ დაყონ. სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსიდან გამომდინარე, ჰონკონგს დამოუკიდებელი საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკა გააჩნია.
ჰონკონგი ქალაქი-სახელმწიფოა და ამავე დროს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონია, სადაც 7.5 მლნ ადამიანი ცხოვრობს.
მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში, საქართველოში ჩინეთის ჰონკონგიდან 6 ვიზიტი განხორციელდა, რაც 200% ზრდაა, გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით.
ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის 2024 წლის 28 მაისიდან მოქმედებს უვიზო რეჟიმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში - ჩინეთის ტერიტორიაზე ყოფნის ვადა 30 დღეს არ უნდა აღემატებოდეს.