მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოსა და იაპონიას შორის ვაჭრობა უკვე მესამე წელია მცირდება - მიზეზები

იაპონია საქართველო

იაპონიასა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა უკვე ზედიზედ მესამე წელია მცირდება. მიმდინარე წლის იანვარში იაპონიასთან ვაჭრობამ 22,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, გასული წლის იანვარში - 25,4 მლნ აშშ დოლარი, ხოლო 2023 წლის პირველ თვეს - 37,6 მლნ აშშ დოლარი.

ვაჭრობაში ექსპორტზე მცირე წილი მოდის, მეტი წილი კი იმპორტზეა. ორივე შემთხვევაში კლების ტენდენცია ფიქსირდება. მაგალითად, მიმდინარე წლის იანვარში ექსპორტმა იაპონიაში მხოლოდ 188 290 აშშ დოლარი შეადგინა, გასული წლის იანვარში 311 430 აშშ დოლარი იყო, 2023-ის იანვარში - 2,1 მლნ აშშ დოლარი.

შემცირებას აჩვენებს გასული ორი წლის ჯამური მაჩვენებლებიც. 2024 წელს იაპონია-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 545,5 მლნ აშშ დოლარი იყო, 2023 წელს კი - 624,4 მლნ აშშ დოლარი. მათ შორის, ექსპორტი 2024 წელს 4,2 მლნ აშშ დოლარი იყო, 2023-ში - 8,7 მლნ აშშ დოლარი, 2022-ში - 14,9 მლნ აშშ დოლარი.

ექსპორტის შემცირების მთავარი მიზეზი ღვინის, ალუმინის და სპილენძის ჯართის ექსპორტის კლებაა.

საქართველოდან მიმდინარე წლის იანვარში მხოლოდ ორი სასაქონლო ჯგუფის ექსპორტი ფიქსირდება: ნაყოფები სხვა, ახალი - 103 420 აშშ დოლარის, ყურძნის ნატურალური ღვინოები - 84 870 აშშ დოლარი.

2024 წლის მონაცემებით კი, მთავარ საექსპორტო პროდუქციას იაპონიაში წარმოადგენს:

  1. ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 1,2 მლნ აშშ დოლარი (2023 წელს - 464 680 აშშ დოლარი)
  2. ალუმინი დაუმუშავებელი - 1 მლნ აშშ დოლარი (2023 წელს - 2,1 მლნ აშშ დოლარი)
  3. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 831 640 აშშ დოლარი (2023 წელს - 1,3 მლნ აშშ დოლარი)
  4. ნაყოფები სხვა, ახალი - 502 810 აშშ დოლარი (2023 წელს - 766 450 აშშ დოლარი)
  5. ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 176 900 აშშ დოლარი (2023 წელს - 2,1 მლნ აშშ დოლარი)
  6. მსუბუქი ავტომობილები - 97 000 აშშ დოლარი
  7. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 96 060 აშშ დოლარი
  8. ფეხსაცმელი რეზინის, პოლიმერული მასალის, ტყავის ძირითა და ტყავის ზედაპირით - 57 080 აშშ დოლარი
  9. სხვა სახის ფეხსაცმელი რეზინის ან პოლიმერული მასალის ძირითა და ზედაპირით - 36 290 აშშ დოლარი
  10. ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - 17 520 აშშ დოლარი

რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წლის იანვარში მთავარი საიმპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილები იყო, რომლის ღირებულებამ ჯამურად 21,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე კი აღდგენილი ან ნახმარი რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები იყო - 264 990 აშშ დოლარით. ბოლო წლებში იაპონიიდან როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ავტომობილების იმპორტის კლებაც შეინიშნება და საბურავებისაც.

2024 წლის მონაცემებით, მთავარ საიმპორტო პროდუქციას წარმოადგენს:

  1. მსუბუქი ავტომობილები - 509,1 მლნ აშშ დოლარი (2023 წელს - 583,6 მლნ აშშ დოლარი)
  2. სატვირთო ავტომობილები - 6,7 მლნ აშშ დოლარი (2023 წელს - 3,9 მლნ აშშ დოლარი)
  3. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 5,6 მლნ აშშ დოლარი (2023 წელს - 9,5 მლნ აშშ დოლარი)
  4. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, აღდგენილი ან ნახმარი; - 4,1 მლნ აშშ დოლარი (2023 წელს - 2,7 მლნ აშშ დოლარი)
  5. სპეციალური დანიშნულების ავტომობილები - 2,6 მლნ აშშ დოლარი (2023 წელს - 1,4 მლნ აშშ დოლარი)
  6. ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუატაციაში ნამყოფი - 1,8 მლნ აშშ დოლარი (2023 წელს - 2,4 მლნ აშშ დოლარი)
  7. მოტოციკლები და ველოსიპედები, ეტლით ან მის გარეშე; ეტლები - 1,7 მლნ აშშ დოლარი (2023 წელს - 834 630 აშშ დოლარი)
  8. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 1,12 მლნ აშშ დოლარი (2023 წელს - 341 100 აშშ დოლარი)
  9. ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 1,1 მლნ აშშ დოლარი (2023 წელს - 815 340 აშშ დოლარი)
  10. ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 895 000 აშშ დოლარი (2023 წელს - 168 410 აშშ დოლარი)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები