მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსა და ომანის სასულთნოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

ომანის სასულთნო

საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმება, ავიაკომპანიებისთვის საქართველოსა და ომანს შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელებას მიმზიდველს გახდის და როგორც ფრენების არეალის გაფართოებას, ისე ტურიზმისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

საქართველოს მხრიდან, შეთანხმებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა მოაწერა ხელი.

„შეთანხმება ძალაში, ორივე მხარის მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ შევა. მასზე მუშაობა საქართველოსა და ომანის სასულთნოს შორის 2014 წელს დაიწყო. ამავე წელს, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს და განხორციელდა ხსენებული შეთანხმების პარაფირება.

საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ეფუძნება ლიბერალურ პრინციპებს და არ ითვალისწინებს შეზღუდვებს დანიშნული ავიაკომპანიების რაოდენობასა და დანიშნულების პუნქტებზე. ამასთან, დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ თავად განსაზღვრონ ფრენების ტევადობა და სიხშირე საკუთარი შეხედულებისამებრ“, - ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეთანხმების ხელმოწერა საუდის არაბეთის სამეფოს ქალაქ რიადში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მოლაპარაკებების (ICAN 2023) ფარგლებში გაიმართა.

#ican2023 საუდის არაბეთში 7 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები