პარლამენტმა „საქართველოს მთავრობასა და ომანის სასულთნოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას მხარი დაუჭირა.
საკითხი სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინა.
მომხსენებლის თქმით, საქართველოსა და ომანის სასულთნოს შორის შეთანხმება მოიცავს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის („ჩიკაგოს კონვენციის“) ძირითად პრინციპებს. შეთანხმების პროექტით რეგულირდება ფრენის უსაფრთხოება და საავიაციო უშიშროება. ასევე ითვალისწინებს შეღავათიანი რეჟიმის გავრცელებას თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულ ავიაგადამზიდველზე, თუ ნივთი ან მომსახურება განკუთვნილია ან გამოიყენება მხოლოდ დანიშნული ავიასაწარმოების საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურებისათვის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ასევე გადასახადებისგან თავისუფლდება ავიაბილეთები, ავიაზედნადები, პერსონალის უნიფორმები, ნებისმიერი საბეჭდი მასალა, რომელზეც აღნიშნულია ავიასაწარმოს ლოგო და ავიასაწარმოს მიერ უფასოდ გავრცელებული სარეკლამო მასალა.
მომხსენებლის განცხადებით, შეთანხმების ხელმოწერა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ომანს შორის რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებას, მომსახურების პირობების გაუმჯობესებას და თავისუფალი კონკურენციისა და ტურიზმის განვითარებას. ასევე შექმნის რეგულარული ფრენებისთვის სამართლებრივ საფუძველს.
ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს სასულთნოდან საქართველოში 2 532 ადამიანი შემოვიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 1.9%-ით მეტია.