საკონსიერჟო მომსახურების განმახორციელებელი კომპანია "კონსიერჟ თბილისის" მმართველი პარტნიორის ლიზა ხაბაზაშვილის შეფასებით, ბოლო პერიოდში საქართველოსადმი დიდი ინტერესება ინდოეთიდან, საუდის არაბეთიდან და კატარიდან ფიქსირდება. ამის შესახებ მან BMGDrive-ში სტუმრობისას ისაუბრა.
ამ მიმართულებებიდამ მოთხოვნის ზრდა განსაკუთრებით დიდი გასართობ ღონისძიებებზეა, რის გამოც „კონსიერჟ თბილისმა“ ახალი სერვისი „ღამის კონსიერჟი“ დაამატა.
„პანდემიის შემდეგ საკმაოდ გააქტიურდა ინდოეთის ბაზარი. ITB Berlin-ზე მონაწილეობისას, ჩვენ არაერთ პარტნიორს შევხვდით, ვინც საქართველოში აქტიურად ჩამოდის. ეს არ არის მხოლოდ ტურისტული ჯგუფები, ეს ანტერპრენიორები არიან, რასაც ჩვენ ბიზნესს ტურიზმს ვეძახით. დაახლოებით 10-15 კაციანი ჯგუფებია, რომლებიც საქართველოში გასართობად ჩამოდიან და სწორედ ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთი მიმართულება „ღამის კონსიერჟი“ დავამატეთ. მათთვის ეს საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა, რადგან როდესაც კვლევას აწარმოებენ და შემდეგ იგებენ, რომ საქართველო ღამის ცხოვრების თვალსაზრისით, მეორე მიმართულებაა, კიდევ უფრო მეტი მოტივაცია უჩნდებათ, რომ აქ ჩამოვიდნენ. გარდა ამისა, მათ ბიზნეს შეხვედრების ორგანიზებაშიც ვეხმარებით“, - აცხადებს „კონსიერჟ თბილისის“ მმართველი პარტნიორი.
ლიზა ხაბაზაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ აზიური ქვეყნებიდან საქართველოსადმი დაინტერესების ზრდასთან ერთად, „კონსიერჟ თბილისს“ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენებზეც უკვე აქტიურად იწვევენ.
„არანაკლებ დაინტერესებაა საუდის არაბეთიდან და კატარიდან. მოწვევა მივიღეთ ITB მუმბაიზეც, რომელიც აპრილის ბოლოს ჩატარდება. ჯერჯერობით მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს. თუ კი იმ კონკრეტულ კომპანიასთან, რომლისგანაც მოწვევა მივიღეთ, შეხვედრა შედგება, აუცილებლად წავალთ და „კონსიერჟს“ იქაც წარვადგენთ. ძალიან დიდი ბაზარია და საქართველოსადმი დაინტერესება უზარმაზარია. ინტერესი არა მხოლოდ Leisure Travel-ზეა, არამედ საქართველოში Team Building-ისა თუ სხვა ღონისძიებების ჩატარებასაც განიხილავენ“, - განაცხადა ლიზა ხაბაზაშვილმა.
ცნობისთვის: კომპანია „კონსიერჟ თბილისი“ 2014 წელს დაარსდა. ის პირველი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს სრულ საკონსიერჟო მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის: MICE სერვისების მიღებას, კონსიერჟული ღონისძიებებისა და მოგზაურობების დაგეგმვასა და ბიზნეს კონსიერჟის მომსახურებას.