ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში 19 სადაზღვევო კომპანიაა, რომელთა ეფექტიანობა საკმაოდ სარისკოა.
მისი თქმით, საქართველოში კერძო სადაზღვევო კომპანიებს 400 ათასამდე მოქალაქე ჰყავთ დაზღვეული, რაც ვერც ერთი კომპანიისთვის წარმატების საფუძველი ვერ იქნება.
„მნიშვნელოვანი იქნება სადაზღვევო სისტემის რეფორმა და აქ ასევე, უნდა აღინიშნოს საკმაოდ მტკივნეული ფაქტორი. საქართველოში გვაქვს 19 სადაზღვევო კომპანია, რომელთა ეფექტიანობა საკმაოდ სარისკოა თავად მათთვის, რადგან მათი მხრიდან დაზღვეულია მხოლოდ 400 ათასამდე მოქალაქე და ეს ვერც ერთი კომპანიისთვის წარმატების საფუძველი ვერ იქნება, ვინაიდან ჩვენ ვაკვირდებით, რომ უცხოეთში თითოეული მოქალაქის დაზღვევის მინიმალური მოცულობა მცირე ქვეყნებშიც კი არის 500 ათასი ადამიანი 1 კომპანიაზე. აქ უკვე თავს იჩენს სადაზღვევოების არაჯანსაღი კონკურენცია და ეს აისახება მოქალაქეებზე, რადგან სადაზღვევოების მიერ ხდება თანხების დაზოგვა და სახელმწიფო ხდება მოპასუხე იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს დაუდგებათ“, - განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, სადაზღვევო სექტორის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანია დაიწყოს მსჯელობა, როდის იქნება საქართველოში მოსახლეობა მზად, რომ სამედიცინო, სოციალური, უმუშევრობის, უბედური შემთხვევების და დროებითი შრომისუუნარობის დაზღვევის სისტემები დაინერგოს. "სწორედ ეს მოდელები არის გარანტია, რომ საზოგადოება სახელმწიფოსთან ერთად გახდეს რისკებზე პასუხისმგებელი, რათა შევძლოთ ერთობლივად დავგეგმოთ რა არის ჩვენი მომავალი“, - დასძინა მინისტრმა.




























