მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 2013 წლამდე წარმოებული სატვირთოების და ავტობუსების რეგისტრაციის აკრძალვაც იგეგმება

64874bdedcbad
შოთა ტყეშელაშვილი
13.06.23 00:24
9492
საქართველოში 2013 წლამდე წარმოებული სატვირთოების, მიკროავტობუსებისა და ავტობუსების რეგისტრაციაც აიკრძალება - ამას მთავრობის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებს. მსუბუქი ავტომობილებისგან განსხვავებით, რომლებზეც ევრო 5-ის მოთხოვნა 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, სატვირთოებისა და ავტობუსებისთვის ეს ვალდებულება ძალაში 2025 წლის 1 იანვრიდან შევა.

„ბოლო წლებში, აღნიშნული ქვეყნებიდან ავტომობილების იმპორტის წილი ჯამურ იმპორტში დაახლოებით 98%-ს შეადგენს. შესაბამისად, ავტომობილების იმპორტის ბიზნესოპერატორებს არ შეექმნებათ ახალ ბაზრებზე გადაწყობის პრობლემა. რეგულაცია შეეხება მსუბუქ და მძიმე სამგზავრო ავტომობილებს (მათ შორის ავტობუსებს და მიკრო ავტობუსებს) და მსუბუქ და მძიმე სატვირთო საავტომობილო საშუალებებს (ანუ M1, M2, M3 და N1, N2, N3 კატეგორიის ავტომობილების პირველად და დროებით რეგისტრაციას). რეგულაცია მოქმედებს მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებსა და აბსოლუტურად ყველა მეზობელ ქვეყანაში. ამ რეგულაციის შემოღება კიდევ უფრო დაახლოვებს ქვეყანას ევროპულ სტანდარტებთან“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მთავრობის ინფორმაციით, ტექნიკური რეგლამენტი არ შეეხება ქვეყანაში უკვე დარეგისტრირებულ ავტომობილებს და ავტომობილების ექსპორტს, რეექსპორტს და ტრანზიტს. ასევე, არ ვრცელდება ისტორიული ინტერესის სატრანსპორტო საშუალებაზე, სპორტულ ავტომობილზე, რომელიც არ არის განკუთვნილი საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის მისაღებად და სახანძრო ან/და სამაშველო ღონისძიებების შესრულებისათვის გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები