მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში 307 ათას ადამიანს სალომბარდე სესხი აქვს

6061838135a3a
შოთა ტყეშელაშვილი
29.03.21 11:39
1139
საქართველოში 307 ათას ადამიანს აქვს სალომბარდე სესხი - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, ლომბარდების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელი 282.4 მილიონი ლარია, რაც ერთ სესხზე საშუალოდ 919 ლარს შეადგენს. 

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში სულ სალომბარდე საქმიანობით 193 ორგანიზაციაა დაკავებული. მათი 46.1% თბილისში საქმიანობს, დანარჩენები კი - რეგიონებში. სტატისტიკის თანახმად, ამ ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 27.8%-ია, ხოლო მათი საბალანსო მოგება 2020 წელს 18.4 მილიონი ლარი იყო. 

საბანკო სესხებისგან განსხვავებით, სალომბარდე სექტორში კრედიტების უდიდესი ნაწილი - 93% ლარშია ნომინირებული. 

საქსტატმა ლომბარდების სექტორის წინა გამოკვლევა 2018 წელს გამოაქვეყნა და ის 2017 წლის მდგომარეობით სფეროს მოცულობას ასახავდა. მაშინ სალომბარდე სესხი 607 ათას ადამიანს ჰქონდა, მათზე გაცემული სესხების პორტფელი კი 391 მილიონი ლარი იყო;

ამასთან, ბაზარზე 875 კომპანია საქმიანობდა და სექტორის საშუალო საპროცენტო განაკვეთი 45%-ს შეადგენდა. 2017 წელს სფეროს ჯამური მოგება 47.6 მილიონი ლარი იყო. შესაბამისად, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში სალომბარდე სფეროს ჯამური მოცულობა შემცირდა. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები