საქართველოში ახალი ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდული ბიზნეს ასოციაცია“ შეიქმნა, რომლის მიზანია, ახალგაზრდებისთვის შექმნას სივრცე, სადაც იდეები რეალურ შესაძლებლობებად გარდაიქმნება. ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდული ბიზნეს ასოციაციის“ კომუნიკაციების დირექტორმა თამარ ბურნაძემ და კვლევის მენეჯერმა თეოდორე გელაშვილმა BMGTV-ს გადაცემა „ქალების ნარატივში“ ისაუბრეს.
ბურნაძის თქმით, ორგანიზაცია არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირია, რომელიც ოფიციალურად წელს დაფუძნდა, თუმცა მანამდე მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე, ასოციაცია უკვე აერთიანებს 70-ზე მეტ წევრს და რვა სტრატეგიული პარტნიორი ჰყავს.
„მთავარი იდეა "ნეთვორქინგსა" და კავშირების გაძლიერებაზეა დაფუძნებული. ვაწყობთ ფორუმებსა და შეხვედრებს, სადაც წევრებს აქვთ შესაძლებლობა, გაიცნონ ერთმანეთი, წარადგინონ იდეები და ითანამშრომლონ“, - განაცხადა ბურნაძემ.
მისივე განმარტებით, ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი გამორჩეული მახასიათებელია მკაფიო სამიზნე ჯგუფი - ახალგაზრდა ბიზნესმენები, რომლებიც ხშირად აწყდებიან კავშირების ნაკლებობასა და რესურსებზე ხელმიუწვდომლობას: „შეიძლება გქონდეს კარგი იდეა, მაგრამ არ იცოდე, როგორ განავითარო. სწორედ ამ პროცესში ვეხმარებით ჩვენს წევრებს“, - აღნიშნა მან.
ასოციაციის კვლევის მენეჯერის, თეოდორე გელაშვილის თქმით, ორგანიზაციაში გაწევრიანება მარტივი პროცედურაა, თუმცა თან ახლავს დეტალური შერჩევის ეტაპი. კანდიდატების განაცხადებს სამეთვალყურეო საბჭო განიხილავს, რომელიც თავად წევრებისგან შედგება და უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას.
მისივე თქმით, წევრობის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია ასაკი - 18-დან 35 წლამდე, ასევე აუცილებელია, რომ კანდიდატს ჰქონდეს აქტიური ბიზნესი და თანამშრომლობის სურვილი. ის დასძენს, რომ ასოციაციაში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სანდოობასაც - გაწევრიანებამდე ხდება ბიზნესისა და მისი წარმომადგენლის დეტალური შემოწმება, მათ შორის ე.წ. ბექგრაუნდ ჩექი.
"ასოციაციაში გაწევრიანება საკმაოდ მარტივი პროცედურაა - დაინტერესებული პირები ვებგვერდის მეშვეობით გვიკავშირდებიან და ავსებენ შესაბამის განაცხადს, რომელსაც შემდეგ ჩვენი სამეთვალყურეო საბჭო განიხილავს. საბჭო დაკომპლექტებულია უკვე არსებული წევრებისგან, რაც უზრუნველყოფს პროცესის დემოკრატიულობასა და გამჭვირვალობას. სწორედ ეს ორგანო იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას წევრობა-არწევრობის შესახებ. განხილვის პროცესში დეტალურად შეისწავლება როგორც ბიზნესის, ისე მისი წარმომადგენლის საქმიანობა, რის საფუძველზეც ასოციაციაში ერთიანდებიან მხოლოდ ჯანსაღი და სანდო ბიზნესის წარმომადგენლები", - ამბობს ის.
ორგანიზაციის წარმომადგენლების ინფორმაციით, “საქართველოს ახალგაზრდული ბიზნეს ასოციაცია” გეგმავს ფორუმების, შეხვედრებისა და საგანმანათლებლო ტრენინგების ჩატარებას, ასევე სახელმწიფო უწყებებთან აქტიურ თანამშრომლობას, რათა ახალგაზრდა მეწარმეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი ხმა პირდაპირ მიაწვდინონ გადაწყვეტილების მიმღებებს.




























