მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში არ გვაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ დროულად მოხდეს ამანათების დამუშავება - Inex Group

ამანათები

საქართველოდან საჰაერო გზით გადატვირთული ტვირთების მოცულობა მზარდია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4 თვეში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 10 599 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტვირთბრუნვა 61%-ითაა გაზრდილი.

საფოსტო-საკურიერო კომპანიებში გაზრდილ სტატისტიკას ჩინეთიდან მზარდ ტვირთნაკადს და ელექტრონული კომერციის გააქტიურებას უკავშირებენ.

როგორც კომპანია Inex Group-ში BMG-ის განუცხადეს, საქართველოში უცხოეთიდან გამოწერილი ამანათების რაოდენობა წელსაც მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ამ მიმართულებით კი პირველ ადგილზე კვლავ ჩინეთია.

თუმცა კომპანიის დირექტორის, გიორგი კაპანაძის თქმით, ამანათების მზარდი რაოდენობის ფონზე, ქვეყანაში არასათანადო ინფრასტრუქტურა, კერძოდ, ტერმინალების სიმცირე, ასევე საბაჟო პროცედურების დაყოვნება, გამოწვევად რჩება.

„საქართველოში სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმები შემოვიდნენ, რომლებმაც პირდაპირი მიწოდების სერვისი შესთავაზეს მომხმარებელს, რამაც საქართველოში ტვირთბრუნვა გაზარდა. ეს ძირითადად ჩინეთის მიმართულებაა, რადგან ჯერჯერობით ჩინური პლატფორმები აქტიურობენ.

დღეს ჩვენ გვაქვს მდგომარეობა, როდესაც ტვირთბრუნვა, ამანათების რაოდენობა გაზრდილია და არ გვაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ დროულად მოხდეს ამანათების დახარისხება, საბაჟო პროცედურები და შემდეგ მომხმარებლამდე მიწოდება. საფოსტო-საკურიერო სფეროს აქილევსის ქუსლად რჩება საბაჟოს მიმართ გაზრდილი მოთხოვნა და მებაჟეების სიმცირის გამო ხშირად ხდება, რომ ტვირთის საბაჟო მომსახურების პროცედურები გვიანდება და ეს შემდეგ იწვევს დაგვიანების ჯაჭვს. ასევე გამოწვევაა ტერმინალების სიმცირე, რადგან ხშირად ხდება ხოლმე, რომ ტერმინალები გადავსებულია და ტვირთს ვერ იღებენ, იმის გამო რომ ძველი ტვირთია გადასამუშავებელი“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები