მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საქართველოში არა ღვინის, არამედ ყურძნის გაბევრება  ხდება” - ხომლის მარანი

რთველი

"ხომლის მარნის" დამფუძნებლის განცხადებით, ყურძნის სუბსიდირების მავნე პრაქტიკა, პირდაპირ აზარალებს პროდუქტის ხარისხს. ამის შესახებ მან "საქმის კურსთან" სახელმწიფო სუბსიდირების მრავალწლიანი პოლიტიკის შეფასებისას ისაუბრა.

“არ უნდა ერეოდეს სახელმწიფო, ბაზარი თვითონ უნდა არეგულირებდეს ყურძნის ფასს. ღრმად ვარ დარწმუნებული და მარტო მე არ ვსაუბრობ ამას, არცერთი ხარისხიანი ყურძენი გაუყიდავი არ დარჩება, ვსაუბრობ ყურძენზე, რისგანაც შემდეგ ღვინო მზადდება. მოთხოვნა არის ხარისხიან ყურძენზე, სუბსიდირება კი პირდაპირ ურტყამს ხარისხს. ეს არის მარტივი, პირდაპირ ხარისხს ურტყამს. საქართველოში არა ღვინის, არამედ ყურძნის გაბევრება ხდება და იქიდან რა ღვინოსაც ვიღებთ ყველამ კარგად ვიცით. ეს ღვინო არ აინტერესებს არავის, ჩვენთან უნდა იყოს ნატურალური ღვინოები, რითაც გავალთ საერთაშორისო ბაზარზე.”-ამბობს “ხომლის მარნის” დამფუძნებელი თამაზ ომანაძე.

რთველი 2024 სრულდება. სექტემბრის მონაცემებით 276 000 ტონა ყურძენი გადამუშავდა. რეკორდული შედეგებით მთავრობა თავს იწონებს, მაგრამ ბაზარმა ჭარბი მოსავალი სრულად ვერ აითვისა, რომლის შეძენაც ისევ სახელმწიფოს მოუწია. შენაძენისთვის გათვლილი ბიუჯეტი გაიზარდა და მოსავლის მართვის კომპანიამ გამონაკლისის სახით გადასამუშავებლად საფერავის შესყიდვაც დაიწყო.

მეღვინეები ამბობენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან იმ ჯიშის ყურძნის გაშენების ხელშეწყობა, რომელიც ბაზარზე ჭარბად არის არ უნდა ხდებოდეს, რადგან ყოველწლიურად მის შესაძენად ისევ გადასახადის გადამხდელთა ფული იხარჯება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები