საქართველოში, რძის 23 ფერმიდან მოგებაზე მხოლოდ 2 მუშაობს. მიზეზი კი, აგროსექტორში ცოდნის ნაკლებობაა, ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტზე ფერმერმა ბექა გონაშვილმა ისაუბრა.
კომიტეტის თემატური მოკვლევის ფარგლებში - „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა სოფლის მეურნეობის დარგში (კერძო ფინანსური ინსტიტუტების ჭრილში)“ დაგეგმილი მესამე ზეპირი მოსმენა დღეს გაიმართა. მოკვლევის მიზანს სოფლის მეურნეობის დარგში ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირება და საჭირო რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენს. შეხვედრაზე ყურადღება სოფლის მეურნეობის დარგში სამეწარმეო ფინანსურ რესურსებზე წვდომის საკითხში არსებულ ხარვეზებსა და ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებებზე გამახვილდა.
ბექა გონაშვილის თქმით, პრობლემა აგროსექტორში შესაბამისი ცოდნის ნაკლებობაა, რისი გამოსწორებაც სახელმწიფოს სესხის სუბსიდიის გაცემის დროს, კადრების გადამზადების კომპონენტის დამატებით შეუძლია.
"ადამიანები შედიან იმ საქმეში, რომელიც არ იციან და ამის გამო შემდეგ კოტრდებიან. სოფლის მეურნეობა არ არის დარგი, რომელიც ერთ დღეს მოგინდება, ისწავლი და მეორე დღეს შეგიძლია ამ დარგში დაიწყო მუშაობა. ამას თავისი დრო, პერიოდი და გამოცდილება სჭირდება. თავიდან აუცილებლად იქნება ცხვირის წატეხვა, მაგრამ მეორედაც თუ წაიტეხე, უკვე გამოუსწორებელია. 2012 წლამდე 50 მლნ ლარამდე იყო აგროდაკრედიტება, დღეს არის 2 მლრდ ლარამდე, რადგან სახელმწიფომ გააჩინა ფული, რომელსაც ფერმერები მარტივად იღებენ, მაგრამ ამას სჭირდება კონკრეტული შეზღუდვები მოჰყვებოდეს.
უწყებებთან, ამაზე ხშირად გვქონია საუბარი, როცა ფერმერს აძლევ იაფ აგროკრედიტს, თან უნდა უთხრა როგორია სტატისტიკა ბაზარზე. საქართველოში ათასობით მერძეული ჯიშის საქონელია შემოყვანილი, საიდანაც მესამედია ცოცხალი. დანარჩენი უბრალოდ ბოინებში დაიკლა, იმიტომ რომ ხალხმა არ იცის მოვლა. წინაპრებს რომ ძროხა ჰყავდათ და ნამჯას აჭმევდნენ, იმ ნამჯით დახვდნენ ძროხას, რომელიც ქარხანაა და 50-60 ლიტრს იწველება, როცა საქართველოში ტრადიციულად გავრცელებული ჯიშების წველადობა 4-5 ლიტრია. ამიტომ, შენ თუ ის გინდა, უნდა გყავდეს ვეტექიმი, ან შენ უნდა იცოდე ეს. რა თქმა უნდა, არსებობს წარმატებული მაგალითებიც, მაგრამ საქართველოსი არსებული 23 რძის ფერმიდან მოგებაზე მუშაობს მხოლოდ 2. დანარჩენები გრანტებზე არიან ჩამოკიდებული. რიცხვებით შემიძლია ვისაუბრო, სახელებით და გვარებით. მთავარი პრობლემა აქ ის არის, რომ სახელმწიფო არ ითხოვს გამოცდილებას. უნდა მოითხოვოს, შენ თუ არ გაქვს გამოცდილება შენს ფერმის მენეჯერს უნდა ჰქონდეს ეს ცოდნა. არსებობს სასწავლებელი სადაც შეგიძლია გადაამზადო კადრი, ან სულაც, უცხოეთში გაუშვა. პირობითად რომ ავიღოთ თუ კადრის გადამზადება 10 000 დოლარი ჯდება 5 000 სახელმწიფომ მომცეს და თქვას, რომ იაფ აგროკრედიტში უნდა გაითვალისწინო. რაღაცების გადაწყვეტაში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს, სხვა გამოსავალი არ არის", - თქვა გონაშვილმა.