აგრარულ სფეროსთან დაკავშირებული კომპეტენციის, ცოდნის და გამოცდილების ნაკლებობა დღემდე გამოწვევად რჩება. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თემატური მოკვლევის დასკვნა აჩვენებს, რომ სახელმწიფო და დონორული დაფინანსების მიუხედავად, აგრომეწარმეებს დაფინანსების მოპოვება მაინც უჭირთ.
მიზეზებს შორისაა: ფერმერული მეურნეობის მართვის ცოდნის ნაკლებობა; მაღალი საპროცენტო განაკვეთი განსაკუთრებით მცირე ზომის, სახელმწიფოს მხრიდან არასუბსიდირებულ სესხებზე; აგრომეწარმის არასაკმარისი შემოსავლები სესხის მომსახურებისთვის; საკმარისი ლიკვიდური უძრავი ქონების არარსებობა გირაოს მიზნებისთვის.
„აგროქიზიყის“ დამფუძნებელი, ფერმერი ბექა გონაშვილი თვლის, რომ ფერმერების დაკრედიტებისას გამოცდილების გარეშე, მხოლოდ შემოსავლები არ უნდა იყოს გადამწყვეტი. როგორც მან „საქმის სკურსთან“ ინტერვიუში განაცხადა, ცოდნა და გამოცდილება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ არც ბანკმა წააგოს და არც ფერმერმა.
„გამოცდილების შეძენა სოფლის მეურნეობაში 1-2 დღეში არ ხდება, ამას წლები სჭირდება, ამას სჭირდება შესაძლებლობა, წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებთან, მიდგომებთან და ა.შ ეს არ არის ადვილი პროცესი, მით უმეტეს, როცა სოფლის მეურნეობაში ახლა მოდის ახალი თაობა, რომლებსაც უფრო მეტად შეუძლიათ და სურთ შეცვალონ, გაიგონ წაიკითხონ, უცხო ენაც გამოიყენონ და ა.შ
თუ ჩვენ გავყვებით იმ ძველ ტრადიციებს და მეთოდებს, წარმატებას ვერ მივაღწევთ. რაც შეიძლება მალე და სწრაფად უნდა გაჩნდეს ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც ფერმერებს არ დააფინანსებს უბრალოდ იმიტომ, რომ მაგალითად, ლილოში ვაჭრობენ და შემოსავალი აქვთ. ეს არ არის სწორი, რადგან მას გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ის ადამიანები, ვისაც სურთ განვითარდნენ და ისწავლონ და გამოცდილება შეიძინონ, ჩემი აზრით მათ სჭირდებათ ხელის შეწყობა იგივე პროფესიული განათლების კუთხით, შეიძლება ქვეყანაში ან ქვეყნის გარეთაც გაშვება. გამოცდილების დაგროვების შემდეგ შესაძლებელი იქნება უფრო მარტივად გაიცეს ასეთ ადამიანებზე სესხები. მე რომ ბანკი ვიყო, ასე მოვიქცეოდი.
სახელმწიფოს აქვს განაცხადი, რომ ყველას გაძლევთ სესხს და ყველას ვაფინანსებ, უყურებს ამას როგორც სოციალურ პროექტს ან ამართლებს სოციალური კუთხით, მაგრამ როცა შენ ხარ ბანკი, რომელმაც უნდა მისცე ვიღაცას ფული....ცოდნა და გამოცდილება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ შენც და ფერმერმაც არ წააგო.
ფერმერს მოეთხოვება ახლებურად შეხედოს მისი საქმიანობას. ამას მოიტანს გამოცდილება და არა ექსელის ფაილი“,- აცხადებს გონაშვილი.