2025 წელს მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 11.5%-ით გაიზარდა. ქვეყანაში ჯამში 3 მილიარდ 870 მილიონი დოლარის ღირებულების 234 190 ავტომობილი შემოვიდა.
მსუბუქი ავტომობილები საქართველოს იმპორტში მეხუთედი წილით, საქონლის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. ამასთან, ბოლო წლებში, განსაკუთრებით 2021 წლის შემდეგ, ქვეყნისთვის მსუბუქი ავტომობილები ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო საქონელია როგორც იმპორტის, ისე ექსპორტის კუთხით. გასულ წელს საქართველოდან ექსპორტზე 2 მილიარდ 814 მილიონი დოლარის ღირებულების 111 265 ავტომობილი გავიდა. წლიური ზრდა 16%-ია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში იმპორტირებული ავტომობილების დიდი წილი რეექსპორტით, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მეტწილად ცენტრალური აზიის ქვეყნებში გადის.
რაც შეეხება იმპორტს, მსუბუქი ავტომობილები იმპორტი ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოდის, რაც მთელი იმპორტის 58.9%-ია. 2025 წელს ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა 21.3%-ით გაიზარდა.
მსუბუქი ავტომობილების TOP-10 იმპორტიორი ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:
- აშშ - $2.2 მლრდ, 184 427 ცალი;
- გერმანია - $660.9 მლნ, 8 254 ცალი;
- იაპონია - $329.9 მლნ, 19 572 ცალი;
- თურქეთი - $123.5 მლნ, 2 848 ცალი;
- ბელგია - $61 მლნ, 1 294 ცალი;
- ჩინეთი - $58.9 მლნ, 6 294 ცალი;
- კანადა - $58.5 მლნ, 3 212 ცალი;
- გაერთიანებული სამეფო - $55.2 მლნ, 582 ცალი;
- კორეის რესპუბლიკა - $37.6 მლნ, 3 209 ცალი;
- იტალია - $31.2 მლნ, 221 ცალი.
ამ ქვეყნების გარდა ავტომობილები იმპორტი შვედეთიდან, ჩეხეთიდან, აზერბაიჯანიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ბულგარეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოდის.
უნდა აღნიშნოს, რომ საქართველოს უმსხვილეს საიმპორტო საქონლის ათეულში ხვდება ასევე სატვირთო ავტომობილებიც, რომელთა შემოყვანა წელს 32.4%-ით 151.4 მლნ დოლარამდე შემცირდა. ისინი იმპორტში 0.8%-იანი წილით მერვე ადგილს იკავებენ. ამ შემთხვევაში მთავარი მომწოდებელი გერმანიაა, საიდანაც იმპორტი შემცირებულია. კლება დაფიქსირდა ჩინეთიდან და ნიდერლანდებიდანაც, რომლებიც გერმანიასთან ერთად უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების სამეულში არიან. ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:
- გერმანია - $34 მლნ, 3 286 ცალი;
- ჩინეთი - $31.2 მლნ, 894 ცალი;
- ნიდერლანდები - $14.4 მლნ, 1 891 ცალი;
- იტალია - $13.8 მლნ, 311 ცალი;
- თურქეთი - $11.1 მლნ, 195 ცალი;
- აშშ - $8 მლნ, 707 ცალი;
- საფრანგეთი - $7 მლნ, 542 ცალი;
- პოლონეთი - $6.2 მლნ, 674 ცალი;
- ბელგია - $5.2 მლნ, 571 ცალი;
- იაპონია - $4.1 მლნ, 1 074 ცალი.
მთავრობა 6 წელზე მეტი წლოვანების ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიციირებულია. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა და განმარტა, რატომ გახდა საჭირო აღნიშნული შეზღუდვის დაწესება. მისი ინფორმაციით, კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის დადგენილებაში გაიწერა, რომ საქართველოში მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია აიკრძალება. გამონაკლისები ვრცელდება იმ M1 კატეგორიის ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1 აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. ასეთი ავტომობილების პირველადი რეგისტრაცია მოხდება პირველ აპრილამდე არსებული პირობების შესაბამისად. Bm.ge-ს დამაზუსტებელი კითხვის პასუხად, სამინისტრომ განგვიცხადა, რომ შეზღუდვა არ ეხება რეექსპორტს.




























