საგარეჯოში, სოფელ ნინოწმინდაში მდებარე ბიო ღვინის მწარმოებელი კომპანია „იორა“, წელს საექსპორტო ბაზრებზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ BM.GE-ს საწარმოს დამფუძნებელმა, კოტე თოფურიამ განუცხადა.
მისი თქმით, საექსპორტო მოლაპარაკებები საფრანგეთთან და კორეასთან მიმდინარეობს, ხოლო იაპონიის ბაზართან საუბარი ახლა უნდა დაიწყონ. თუმცა, ზუსტი ბაზარი თუ სად, ან როდის გავლენ ამაზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ.
„საქართველოში ბიო ღვინოზე მოთხოვნა დიდად მაღალი არ არის. თუმცა, მას თავისი დაინტერესებული სეგმენტი ჰყავს. შესაბამისად, საქართველოში ზუსტად ამიტომაა ამდენი ბიო წარმოება, მაგრამ ყველას არ აქვს ბიო სტატუსი. ამის მიზეზი კი, ისაა, რომ სტატუსის მიღება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
ჩვენი პროდუქცია რამდენიმე ადგილზე, თბილისის ღვინის მაღაზიებში იყიდება, ასევე ახლა ავამოქმედეთ მიტანის სერვისი "გლოვოზე", "ბოლტსა" და "ველი სთორიზე".
ღვინის ინდუსტრიას ბევრი გამოწვევა აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ბაზარი რეგულირდებოდეს წარმოების კუთხით. ასევე, სახელმწიფო პროგრამებზე სტარტაპებს უფრო მეტი ხელმისაწვდომობა უნდა ჰქონდეს და ბიო ღვინოზე მეტი მარკეტინგული აქტივობა უნდა განხორციელდეს.
გარდა ამისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა პრობლემური ქვევრები და მისი ხარისხია, რომლებიც ღვინის გემოვნურ თვისებებსა და ხარისხებს აფუჭებს,"-აცხადებს თოფურია.
მისი ინფორმაციით, საწარმოში 3 ადამიანია დასაქმებული, მაგრამ სეზონურად, ხალხის დამატებაც საჭირო ხდება. დასაქმებული ადამიანების რაოდენობა სეზონზე 15-მდე იზრდება.
ინფორმაციისთვის, ბიო ღვინის მწარმოებელი კომპანია „იორა“ საგარეჯოში, სოფელ ნინოწმინდაში მდებარეობს და 5 ჯიშის ღვინოს აწარმოებს. კომპანიამ მარნის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და ღვინოს კახური, ტრადიციული მეთოდით აწარმოებს.
ამასთან, 2019 წელს ბიოსერტიფიკატი მიიღეს და მას შემდეგ, პროდუქცია წარმატებით გადის ყოველწლიურად ბიო სერტიფიცირებას და წელიწადში 15 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს.