მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში BINANCE-ს ახალი დირექტორი ჰყავს - ვინ უხელმძღვანელებს კომპანიას?

BINANCE

მსოფლიოს უდიდეს კრიპტობირჟა Binance-ში საკადრო ცვლილებებია: ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ აზიაში კომპანიას კირილო ხომიაკოვი უხელმძღვანელებს, რომელიც, ამ დრომდე, კრიპტობირჟას უკრაინაში ხელმძღვანელობდა. ამიერიდან, კირილო ხომიაკოვი Binance-ის ხელმძღვანელი რეგიონის თოთხმეტ ქვეყანაში იქნება, მათ შორის საქართველოში, სადაც მან ამ თანამდებობაზე გლებ კოსტარევი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა სექტემბერში დატოვა.

ცენტრალური ევროპის რეგიონული დირექტორის გარდა, ამ დრომდე, მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟის ქართულ ოპერაციებს გიორგი ჩაგელიშვილი მართავდა, რომელიც საქართველოში Binance-ის რეგიონული დირექტორის თანამდებობას იკავებდა, მაგრამ ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, თანამდებობა მანაც დატოვა. გიორგი ჩაგელიშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას ადასტურებენ Binance-შიც და აღნიშნავენ, რომ ამიერიდან კრიპტობირჟის ოპერაციებს საქართველოში სწორედ კირილო ხომიაკოვი უხელმძღვანელებს.

BMG მსოფლიოს უდიდეს კრიპტობირჟაში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდა, რისთვისაც უშუალოდ კომპანიას დაუკავშირდა. როგორც Binance-ის მიერ BMG-სთვის მიცემულ განცხადებაში ვკითხულობთ, რეგიონული დირექტორის თანამდებობაზე კირილო ხომიაკოვი ადგილობრივი ბაზრების ღრმა ცოდნის გამო დაინიშნა.

“ვსაუბრობთ რა კირილოს დანიშვნაზე და ვითვალისწინებთ ბოლო დროს განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს, გეტყვით, რომ გასული ორი წლის განმავლობაში კირილომ, რომელიც ყოველთვის მოქმედებს მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე და ფლობს უბადლო რეპუტაციას, განსაკუთრებული ლიდერის თვისებები გამოავლინა. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონები, რომელთაც უნიკალური მრავალფეროვნება და სპეციფიკა ახასიათებთ, ჩვენი კომპანიისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. კირილო ფლობს ადგილობრივი ბაზრების ღრმა ცოდნას და თან, Binance-ის მუშაობაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ყველაფერი ეს ჩვენი პოზიციების გასამყარებლად რესურსების ეფექტიანად გადანაწილების საშუალებას გვაძლევს”, - ვკითხულობთ Binance-ის მიერ BMG-სთვის მიცემულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს, კრიპტობირჟა Binance-მა გარკვეულწილად რთული პერიოდი გამოიარა, რადგან რამდენიმე ქვეყნის მარეგულირებელმა მას ლიცენზია გააუქმა. ამასთან, Binance.US-ის წინააღმდეგ აშშ-ში გამოძიება დაიწყო, მაგრამ, როგორც Binance-ში ამბობენ, Binance.US ცალკე იურიდიული პირია, რომელიც Binance-თან არ არის დაკავშირებული. ამ ყველაფრის ფონზე, კომპანია რამდენიმე აღმასრულებელმა დატოვა, ხოლო კრიპტობირჟის დამფუძნებლის ქონების შეფასება, Bloomberg-ის დათვლებით, ერთ დღეში თითქმის 12 მილიარდით იკლო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები