მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ბიზნესის განწყობა გაუმჯობესდა - ISET

63cf91ac0ed21
მარიამ ვარადაშვილი
24.01.23 15:00
641
ISET-ის ინფორმაციით, 2023 წლის I კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 8.4 პუნქტით გაიზარდა და 20.1-ს გაუტოლდა. შესაბამისად, მიმდინარე წლის პირველი კვარტალთან დაკავშირებით საქართველოში ბიზნესს პოზიტიური მოლოდინები აქვს. ორგანიზაციის მიერ მომზადებულ კვლევაში ჯამში 33 მსხვილი და 139 მცირე და საშუალო კომპანია მონაწილეობდა.

ბიზნესის განწყობის ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საფინანსო სექტორში (35.6) დაფიქსირდა. ISET-ის შეფასებით, BCI-ის დადებითი ცვლილება გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და მოლოდინებმა განაპირობა.

მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით 4.3 პუნქტით გაიზარდა და 2023 წლის I კვარტლისთვის 14.7-ს გაუტოლდა. მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი ყველაზე მაღალია მრეწველობის (37.6) სექტორში.

“ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, მნიშვნელოვნად გაიზარდა და 34.9 პუნქტს მიაღწია. 2023 წლის I კვარტლისთვის მოლოდინების ინდექსის ყველაზე მაღალი მნიშვნელობა მრეწველობის სექტორში (62.5) დაფიქსირდა.

გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი 5.6-ით შემცირდა და 22.3 პუნქტი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს მატებას საკუთარ პროდუქტზე, შემცირდა",-წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინდექსში. 

კვლევითი ორგანიზაციის მიხედვით, 2023 წლის I კვარტლისთვის მსხვილი საწარმოებისთვის მთავარ გამოწვევას კვალიფიციური სამუშაო ძალის სიმცირე და ფინანსებზე დაბალი ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. მცირე და საშუალო ბიზნესები კი ძირითად გამოწვევებად ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და მოთხოვნის სიმცირეს ასახელებენ.



ბიზნესის განწყობის ინდექსი იცვლება [-100; +100] სკალაზე. ინდექსის სიდიდე გვაჩვენებს გამოკითხული რესპონდენტების დადებითი და უარყოფითი პასუხების შეწონილ ბალანსს. თუკი გამოკითხული ბიზნესების 100% იქნება პოზიტიურად განწყობილი, მაშინ ინდექსი გაუტოლდება 100-ს. -100 ნიშნავს, რომ ყველა გამოკითხული ბიზნესი უარყოფითად არის განწყობილი. თუ განწყობის ინდექსი გაუტოლდება 0-ს, ნიშნავს, რომ დადებითად და უარყოფითად/ნეიტრალურად განწყობილი ბიზნესების განაწილება თანაბარია (მეტი ინფორმაციისათვის იხილეთ მეთოდოლოგიური შენიშვნები).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები