შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით. საქაერონავიგაციის თანახმად, ჩამოვარდნილი ბორტი თურქეთის შეიარაღებული ძალების C130 ტიპის საჰაერო ხომალდია.
"შპს „საქაერონავიგაციის“ საავიაციო ძებნა - შველის საკოორდინაციო ცენტრში 112-დან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავმა საავიაციო ინციდენტი საქართველოს ტერიტორიაზე, აზერბაიჯანთან საზღვართან ახლოს განიცადა.
საერთაშორისო პროტოკოლის სრული დაცვით, საქაერონავიგაციის საძიებო ჯგუფი გაემგზავრა სავარაუდო ინციდენტის ადგილის აღმოჩენისა და დაზარალებულებისთვის შემდგომი დახმარების აღმოჩენის მიზნით.
თურქეთის C130 ტიპის საჰაერო ხომალდი საქაერონავიგაციის რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც საქაერონავიგაციამ დადგენილი ძებნა - შველის სამუშაოები დაიწყო. ამჟამად უკვე ინფორმირებულია აზერბაიჯანის ქალაქ განჯის აეროპორტი, საიდანაც თურქეთის ბორტი აფრინდა, ასევე ინფორმაცია მიეწოდა თურქეთის მხარეს.
ამჟამად საქართველოს შესაბამის უწყებებთან ერთად, საავიაციო წესებით გათვალისწინებული საძიებო სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს," - ნათქვამია საქაერონავიგაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერებში ჩანს, რომ ხომალდი ვარდნამდე რამდენიმე ნაწილად იყო გადატეხილი.





























