მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი გაუარესდა - Freedom House

61d964dea01e8
თათია კაკიაშვილი
08.01.22 14:15
1056
აშშ–ის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი გაუარესებულია. დოკუმენტის თანახმად, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 100-დან 36,31 პროცენტით ფასდება, ხოლო დემოკრატიის ქულის მიხედვით, 7-დან 3.18 ქულას შეადგენს. შედეგად საქართველო "გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმის" კატეგორიაში ხვდება. გასულ წელს აღნიშნული მაჩვენებლები შესაბამისად იყო 38 და 3,25 იყო. რიცხვები ცხადყოფს, რომ წლევანდელი მაჩვენებლები გაუარესებულია.

ანგარიშში ასევე წერია, რომ "საარჩევნო პროცესის" რეიტინგი 3.25-დან 3.00-მდე დაეცა.

„მიუხედავად გარკვეული კომპრომისისა და საარჩევნო კოდექსში დადებითი ცვლილებებისა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ხმების მოსყიდვის შემთხვევებით და ოპოზიციის მიერ მეორე ტურის ბოიკოტით დაირღვა, რამაც წლის ბოლოს პოლიტიკური პროცესები ჩიხში შეიყვანა“, - ვკითხულობთ Freedom House-ის ანგარიშში.

გაუარესებულია რეიტინგი მედიის თავისუფლების მიმართულებითაც. დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს საქართველოში დამოუკიდებელი მედიის რეიტინგი 3,75-დან 3,50-მდე დაეცა, რაზე გავლენაც აჭარის ტელევიზიის სადავო საქმემ და ახალმა კანონმდებლობამ მოახდინა, რომლის მიხედვით კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას მაუწყებლების მუშაობის პროცესში ჩართულობის შესაძლებლობა ეძლევა.

ანგარიშში ასევე საუბარია თავისუფლების ინდექსზე. 2021 წელს საქართველოში თავისუფლების მაჩვენებელი 100-დან 60 ქულით ფასდება. მათ შორის პოლიტიკური უფლებები 23 ქულით შეფასდა 40-დან, სამოქალაქო თავისუფლებები კი 37 ქულით 60-დან. ანგარიშის მიხედვით, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიას მიეკუთვნება.

რაც შეეხება ინტერნეტის თავისუფლების კუთხით 2021 წლის შეჯამებას, საქართველოს 100-დან 77 ქულა მიენიჭა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით ერთი ქულით მაღალია და თავისუფალ ქვეყანათა კატეგორიაში ხვდება. ორგანიზაციის ცნობით, ინტერნეტის თავისუფლების დონე ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით – დაბრკოლებები წვდომაზე, კონტენტზე დაწესებული შეზღუდვები და მომხმარებელთა უფლებების დარღვევები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები