საქართველოში ძალიან სტაბილური სიტუაცია გვაქვს. ქვეყანა იზრდება ეკონომიკურად და ბევრი სხვა მიმართულებითაც. ჩვენ ურყევად მივყვებით ქვეყნის განვითარების გზას, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, PhoenixTV-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, არსებითად, ქვეყანა მზად არის მოლაპარაკებებისთვის.
„ახლა ამ გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია ევროკავშირზე. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ამავე დროს, ჩვენ მტკიცედ მივყვებით ქვეყნის განვითარების და რეფორმების გატარების გზას. ასე რომ, ქვეყანა კიდევ უფრო დიდ პროგრესს მიაღწევს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, მოლაპარაკებების დაწყებამდე აუცილებელია თუ არა, კიდევ ოთხი წელი დაიცადოს ქვეყანამ, კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია ევროკავშირზე.
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ თუ ევროკავშირი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ევროკავშირთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის ჩვენს ინტერესებში. მოდით, დაველოდოთ და ვნახოთ, რა მიდგომას აირჩევს ევროკავშირი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.