ფინანსისტების ნაწილის შეფასებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა ინკლუზიური არაა და არსებული მაჩვენებლები მოსახლეობაზე თანაბრად არ აისახება.
როგორც BMG-სთან ფინანსისტი ნიკოლოზ შურღაია BMG-სთან აცხადებს, მათ შორის შრომის ბაზარზე არსებული ვითარება იმაზე მიუთითებს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, მოსახლეობის შემოსავლები პირდაპირ პროპორციულად არ იზრდება.
“სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა არ არის ინკლუზიური, ანუ მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ჩართული ეკონომიკური ნაყოფების განაწილებაში. საქართველოში ბოლო ხუთი წლის მანძილზე ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი გაორმაგებულზე მეტია. ვის, რომელ მოსახლეს გაეზარდა ორჯერ და მეტჯერ შემოსავალი?! საქართველოში დღეს გვყავს 34% ადამიანების, ვინც ან ოფიციალურად უმუშევარია, ან იმუშავებდა, მაგრამ აღარ ეძებს სამუშაოს, იმიტომ, რომ პოვნის იმედი არა აქვს. აი, ეს არის ჩვენი სურათი.
[ეკონომიკური] ზრდის ციფრებს რაც შეეხება, ან ეს ციფრები ვერ არის რეალური, ან ვიღაცის ჯიბეები ძალიან იზრდება და უფრო მდიდრდება და ვიღაცების ჯიბეები უფრო და უფრო ცარიელი რჩება და უფრო ღარიბდება. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, არათანაბარი ზრდა, რომელიც საერთოდ ზრდა არის თუ არა, კითხვის ნიშნების გვაქვს”, - განაცხადა ნიკოლოზ შურღაიამ.
ცნობისთვის, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.8%-ით განისაზღვრა.




























