2024 წლის პირველ ნახევარში, ელექტროენერგიის გამომუშავება საქართველოში 3.9%-ით გაიზარდა და 7.33 ტვტ.სთ.-ს მიაღწია. მთლიან გამომუშავებაში ჰიდროსადგურების წილი 82.6% იყო, თბოსადგურების წილი 16.9%, ხოლო ქარის ენერგიის წილმა 0.5% შეადგინა.
ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებულ სექტორულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
მიმოხილვის მიხედვით, იმავე პერიოდში, ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 2.7%-ით გაიზარდა და 6.75 ტვტ.სთ.-ს მიაღწია. საცალო სექტორმა ჯამური მოხმარების 57% დაფარა, მსხვილი მომხმარებლების წილი 23%, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წილი 20% იყო.
საცალო მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის წლიური მოხმარება ძლიერ ზრდას აჩვენებს. თბილისის მოხმარება წლიურად 6.0%-ით, ხოლო საქართველოს რეგიონების მოხმარება წლიურად 4.2%-ით გაიზარდა.
მსხვილი მომხმარებლების მოხმარება წლიურად 5.0%-ით გაიზარდა, თუმცა, ზრდის შესაძლებლობა კიდევ არსებობს, რადგანაც მეტალურგიული კომპანიები ჯერ კიდევ სრული სიმძლავრით არ მუშაობენ.
აღსანიშნია, რომ როგორც თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში წერია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება კლებადია. 2024 წლის პირველ ორ კვარტალში, მოხმარება 5.6%-ით შემცირდა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ელექტროსისტემას ორი ჰიდროსადგური დაემატა, ჯამური დადგმული სიმძლავრით 46.4 მეგავატი და ჯამური საპროგნოზო გამომუშავებით 209.4 გვტ. სთ. მეორე მხრივ, წლიურად 75%-ით გაიზარდა ნეტო აღრიცხვის პროგრამაში ჩართული სადგურების სიმძლავრე და 82.02 მეგავატს მიაღწია.