"შთამბეჭდავი წლიური 75%-იანი ზრდა ფიქსირდება ნეტო აღრიცხვის პროგრამაში, რომელშიც, 2024 წლის ივნისის მდგომარეობით, 82.02 მგვტ სიმძლავრის სადგურებია ჩართული", - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის სექტორულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის პირველ ნახევარში, ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 3.9%-ით გაიზარდა და 7.33 ტვტ.სთ-ს მიაღწია. ჰიდროსადგურებმა 6.06 ტვტ.სთ. ელექტროენერგია გამოიმუშავეს (+13.5% წ/წ), თბოსადგურებმა 1.24 ტვტ.სთ (-26.3% წ/წ), ხოლო ქარის სადგურის გამომუშავებამ 39.4 გვტ.სთ. შეადგინა (-7.9% წ/წ).
“ხელსაყრელი ჰიდროლოგიური პირობების გამო, შიდა და საგარეო მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, ძირითადად, ჰიდროგენერაციით დაკმაყოფილდა. საქართველოსთვის ჰიდროგენერაცია კვლავ რჩება ელექტროენერგიის გამომუშავების ძირითად წყაროდ, რომლის წილი მთლიან გამომუშავებაში 82.6%-ია. თბოსადგურების წილმა გამომუშავებაში 16.9%, ხოლო ქარის ენერგიის წილმა 0.5% შეადგინა.
2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ელექტროსისტემას ორი ჰიდროელექტროსადგური დაემატა ჯამური დადგმული სიმძლავრით 46.4 მეგავატი. ხობი 2 ჰესი დადგმული სიმძლავრით 44.5 მგვტ, და წლიური საპროგნოზო გამომუშავებით 194 გვტ.სთ და შევაბური ჰესი დადგმული სიმძლავრით 1.9 მჰგვტ და საპროგნოზო გამომუშავებით 15.4 გვტ.სთ. ისინი მიმდინარე პერიოდში სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებენ”, - წერია თიბისი კაპიტალის მიმოხილვაში.