ელექტრომობილების ბაზრის განვითარებისთვის საქართველოში ყველაზე დიდი გამოწვევა დამტენი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა და მისი არასაკმარისი ტემპით გაფართოებაა. ამის შესახებ E-Motors Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა ირინა დარჩიამ bm.ge-ს რუბრიკა Edwizer-ში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია საკუთარ მომხმარებლებს სრულფასოვან სერვისს სთავაზობს და სერვისცენტრითაც არის აღჭურვილი, ქალაქის მასშტაბით ინფრასტრუქტურის მოწყობა კერძო კომპანიის შესაძლებლობებს სცდება.
„გამოწვევას რაც შეეხება, ყველაზე დიდი პრობლემა მაინც დამტენების არსებობა და გამრავლებაა. სერვისს ჩვენ ვაწვდით მომხმარებელს, მაგრამ ინფრასტრუქტურას მთლიანად ვერ მოვაწყობთ ქალაქში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მეტი ისეთი კომპანიის გამოჩენა, რომელიც ელექტრო დამტენებს დააყენებს სხვადასხვა ლოკაციაზე“, – განაცხადა ირინა დარჩიამ.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში დამტენი ინფრასტრუქტურის მიმართულებით გააქტიურებული კერძო სექტორი მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა როგორც ელექტრომობილების იმპორტიორებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის.
„ბოლო ერთი თვის განმავლობაში ერთ-ერთმა კომპანიამ იმდენი შეტყობინება მომწერა ახალი დამტენების დაყენებაზე, რომ ყველა მათგანზე მივდიოდი და პირადად ვტესტავდი. ეს წარმოუდგენელი მხარდაჭერაა ჩვენნაირი კომპანიებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეკონომიურობა და ეკოლოგიურობა მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა მან.
ირინა დარჩიას შეფასებით, მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ კომფორტს ქმნის ის გარემოება, როდესაც დამტენები ხელმისაწვდომია პრაქტიკულად ყველა უბანში და ერთ ქუჩაზეც კი რამდენიმე სადგური ფუნქციონირებს.
„როდესაც ერთ ქუჩაზე სამი ან ოთხი დამტენია განთავსებული, ეს უკვე უდიდესი წახალისებაა მომხმარებლისთვის, რომ ჰყავდეს ელექტრომობილი და აღარ მოუწიოს სხვადასხვა ქუჩაზე სირბილი დატენვისთვის“, – განაცხადა „E-Motors Georgia“-ს ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, დამტენებთან დაკავშირებული პარკინგის საკითხიც ინფრასტრუქტურის ნაწილია და მნიშვნელოვანია, რომ დამტენისთვის განკუთვნილი ადგილი სხვა ავტომობილებმა არ დაიკავონ.
ირინა დარჩიამ ასევე ისაუბრა მომხმარებელთა იმ ნაწილზე, რომელიც დატენვის პროცესს ჯერ კიდევ დისკომფორტად აღიქვამს და ამ მიზეზით არჩევანს შიდა წვის ძრავიან ავტომობილზე აკეთებს. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, მსგავსი სკეპტიციზმის მიუხედავად, ბაზარზე არსებული განწყობა ნათლად აჩვენებს, რომ ელექტრომობილები გარდაუვალი მომავალია.
„ზოგიერთ მომხმარებელს უბრალოდ ეზარება დატენვა, თუმცა ისინიც კი აღიარებენ, რომ მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ავტობაზრის მომავალი ელექტრომობილებს ეკუთვნის“, – განაცხადა ირინა დარჩიამ.
მისი შეფასებით, დამტენი ინფრასტრუქტურის განვითარება გადამწყვეტ როლს ითამაშებს იმაში, თუ რამდენად სწრაფად გადავლენ მომხმარებლები ელექტრომობილებზე საქართველოში.
"თიბისი კაპიტალის" მიერ გამოქვეყნებული ბოლო ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2025 წლის 9 თვეში რეგისტრირებულ ავტომობილებში 60% იყო ბენზინზე მომუშავე, ჰიბრიდებზე 24% მოდიოდა, დიზელზე 9%, ელექტრომობილებზე კი 5%.



























