კომპანია E-space-ის გენერალური დირექტორის შეფასებით, საქართველოში ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის მიმართულებით პერსპექტივა ძალიან მცირეა.
როგორც დავით იოსავამ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ექსპორტზე საქართველოში წარმოებული ელექტრომობილების გაყვანა საკმაოდ რთული იქნება. მისი თქმით, მაგალითად, მეზობელ ქვეყანას თურქეთს თავად აქვს ელექტრომობილების წარმოება, ევროკავშირში კი ავტომობილის გაყვანისთვის საკმაოდ ბევრი სტანდარტი და მოთხოვნაა დასაკმაყოფილებელი.
“პერსპექტივა საქართველოსთვის ძალიან მცირეა. პირველ რიგში, უნდა გაირკვეს, რა არის სამიზნე აუდიტორია, იმიტომ რომ ექსპორტზე ჩვენი წარმოების [ელექტრო] მანქანების გაყვანა საკმაოდ რთული იქნება. თუ მხოლოდ საქართველოსთვის არის წარმოება, ამაში დიდად აზრს ვერ ვხედავ მე პირადად. ჩვენს რეგიონში - სომხეთში, აზერბაიჯანში და თურქეთში რომ დავიწყოთ ელექტრომობილების მიწოდება, მაინც ვერ დააკმაყოფილებს სრულად იმ მოთხოვნას, რასაც ავტოწარმოება ჰქვია. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენს უახლოეს მეზობელს თურქეთს, მას თვითონ აქვს ელექტრომობილების წარმოება. ამიტომ დიდად, პერსპექტივას საერთაშორისო მასშტაბებზე მე ვერ ვხედავ, რომ ქუთაისში წარმოებული ავტომობილები გავიდეს [ექსპორტზე].
რაც შეეხება ევროკავშირში ავტომობილების შეყვანას, ძალიან ბევრი მოთხოვნა არის, ძალიან ბევრი სტანდარტები არის დასაკმაყოფილებელი. ევროკავშირი ითხოვს, რომ პარტნიორი ქვეყნებისგან, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობა აქვს, წარმოებული პროდუქციის უმეტესი წილი იწარმოებოდეს პირდაპირ ქვეყანაში. ამ შემთხვევაში ჩვენთან რაზეც იყო საუბარი, მანქანების აწყობაზე, ეს ვერ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს და ისევ, როგორც ჩინური წარმოების ავტომობილები უნდა შევიდეს ევროპაში, რაც საკმაოდ რთულია.
ამ პროექტის ახლანდელი ფორმულირება არის საწარმო და მანქანების წარმოება, რაც ძალიან განსხვავებული თემაა, ვიდრე აწყობა. ასევე არსებობს აწყობის რამდენიმე ტიპი - როდესაც უკვე გამზადებული კონსტრუქცია მოდის და ძირითადი ელემენტებით ხდება აწყობა, ან ასევე არსებობს მასალები, რომლითაც შემდეგ ელემენტები ეწყობა და შემდეგ სრული მანქანა. თუ არის საუბარი იმაზე, რომ უნდა აეწყოს მარტივად მხოლოდ ავტომობილები და ყველა მაკომპლექტებელი ჩამოვა ჩინეთიდან, მაშინ შესაძლებელი არის” , - აღნიშნა დავით იოსავამ.
კომპანია E-space-ის გენერალური დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოში გახსნილი ელექტრომობილების საწარმო სამთავრობო ავტოპარკზე იქნება ორიენტირებული, შესაძლოა, მან ბაზარზე გარკვეული მცირე ნიშა დაიკავოს.
“თუ იმასაც განვიხილავთ, რომ მთავრობის ავტომობილების უმეტესობაც გადავა ასევე ელექტროძრავაზე და ამ წარმოებულ მანქანებზე, შეიძლება წელიწადში 5-10 ათასი მანქანის წარმოება-აწყობაზე ავიდეს ნიშნული და რაღაც აზრი ჰქონდეს, რომ რეგიონში მოთხოვნა გარკვეულ დონეზე დაკმაყოფილდეს. მაგრამ როგორც ასეთი სრულფასოვანი ავტოწარმოება, მთელი კავკასია და ჩვენი რეგიონი რომ დაიფაროს, მაინც არ ეყოფა. 50-დან 100 ათას ავტომობილამდე უნდა იწარმოებოდეს საშუალოდ, რომ ქარხანამ თავისი თავი პროდუქტიულად ჩამოაყალიბოს.
საქართველოს ბაზარზე შემოდის ჩინური ბაზრისთვის წარმოებული ავტომობილები ისევ და ესეც მნიშვნელოვანი იქნება საწარმოს ფაქტორით, იმიტომ რომ თუ ქვეყანაში დაიწყო წარმოება-აწყობა ევროსტანდარტების მიხედვით, მაშინ ბაზარზე დიდი გაურკვევლობა იქნება თვითონ იმპორტიორების მხრიდანაც და ავტომწარმოებლების მხრიდანაც”, - განაცხადა დავით იოსავამ.
ცნობისთვის, მთავრობა ელექტრომობილების ქარხნის პროექტს 7 წლის შემდეგ უბრუნდება. ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს შექმნის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევას იწყებს.




























