საქართველოში ფსტის წარმოება ყოველწლიურად იზრდება, რასაც პროდუქტის ბაზარზე ღირებულების შემცირება ახლავს თან, - ამის შესახებ BM.GE-ს საქართველოს ფსტის ასოციაციის თავმჯდომარემ, ოთარ ანგურიძემ განუცხადა.
საქმე ისაა, რომ ოფიციალური სტატისტიკით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში ფისტის იმპორტის მოცულობამ 4 779 ტონა შეადგინა, ხოლო მისმა ღირებულებამ $38 მილიონს გადააჭარბა. შედარებისთვის, 2024 წლის იმავე საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 3 312 ტონა ფსტა შემოვიდა, რაშიც ქვეყანამ ჯამურად $17.5 მილიონი გადაიხადა. ეს ნიშნავს, რომ წლიურად იმპორტის ღირებულება 117%-ით გაიზარდა, ხოლო შესყიდული მოცულობა - 44.2%-ით.
ფისტის ძირითადი იმპორტი საქართველოში აშშ-დან ხორციელდება, საიდანაც $25 მილიონი ღირებულების, 2 948 ტონა პროდუქტი შემოვიდა. მნიშვნელოვან მომწოდებლებად თურქეთი და ირანიც რჩებიან – პირველი $11.9 მილიონი (1 298 ტონა), ხოლო მეორე $464 ათასი დოლარის (463 ტონა) ექსპორტით. შედარებით მცირე რაოდენობით ფისტა შემოვიდა ვიეტნამიდან და ჰონკონგიდან, რომელთა წილი საერთო იმპორტში სულ რამდენიმე ათეულ ტონას შეადგენს.
ოთარ ანგურიძის თქმით, თუ რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში ფისტის ადგილობრივი წარმოება საერთოდ არ არსებობდა და იმპორტი მინიმალურ ნიშნულზე იყო, დღეს უკვე რამდენიმე ათეულ ტონამდე მოსავალი იწარმოება.
„ვერ ვიტყვი, რომ წარმოება დიდი მასშტაბისაა, თუმცა ყოველწლიურად იზრდება მოსავლიანობა და მოსავლის რაოდენობა. ეს ნიშნავს, რომ ფსტა საქართველოში სულ უფრო პოპულარული პროდუქტი ხდება. დღეს, მას მხოლოდ როგორც საჭმელს კი აღარ იყენებენ, არამედ ის აქტიურად იკავებს ადგილს კულინარიაშიც, მათ შორის ნაყინებსა და დესერტებში.
შარშანდელი ფასები იყო 50-60 ლარის ფარგლებში. შარშან წინ დაახლოებით იგივე იყო. წელს ფსტის ღირებულება ჩამოვიდა 40-50 ლარის ფარგლებში. მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ბევრია უკვე შემოსულიც, და ამას ადგილობრივი წარმოების ფსტაც ემატება“, - განმარტა ანგურიძემ.
ასოციაციის თავმჯდომარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ფსტის ბაღების რაოდენობაც, როგორც სახელმწიფოს ხელშეწყობით, ისე კერძო ინიციატივით. წარმოების მიმართულებით ყველაზე აქტიურ რეგიონებად კახეთი, ქვემო ქართლი და ნაწილობრივ შიდა ქართლი მიიჩნევა.
„კახეთი ამ მხრივ ლიდერია - კლიმატი, ჰავა და ნიადაგი იდეალურია. ისტორიული ჩანაწერებითაც კი დადასტურებულია, რომ ფსტა ოდესღაც კახეთში იწარმოებოდა“, - ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი.
ანგურიძის თქმით, საქართველოში ფსტის მოყვანა ხელსაყრელია ნიადაგისა და მოსარწყავი წყლის ხარისხის გამო, რაც ნაყოფს განსაკუთრებულ გემოსა და კონკურენტუნარიანობას სძენს: „ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ არა მხოლოდ ადგილობრივი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ, არამედ მომავალში ექსპორტზეც გავიდეთ“, - აღნიშნა ოთარ ანგურიძემ.




























