მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ფულის დეფიციტი არ არის... მზა საინვესტიციო პროექტები გვჭირდება - ბიზნესმენი

ყაზახეთი

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარის გიორგი ჯახუტაშვილის აზრით, საქართველოს მეტი ინვესტიციის მოსაზიდად და განვითარებისთვის მზა საინვესტიციო პროექტები სჭირდება. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

- რას გულისხმობთ, მზა საინვესტიციო პროექტების დეფიციტში - სახელმწიფომ უნდა გაამზადოს პროექტები და შემდეგ შესთავაზოს კერძო სექტორს?

- ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ყველაზე მეტი დრო სჭირდება ბიუროკრატიული პროცესების მოგვარებას, ვგულისხმობთ საინვესტიციო პროექტების სრულყოფილად შეკვრისთვის დახარჯულ დროს; ამიტომაც საინვესტიციო პროექტი ისე სრულყოფილად უნდა იყოს მომზადებული, რომ მხოლოდ ინვესტორის მხრიდან კაპიტალის დახარჯვას საჭიროებდეს ანუ მოწესრიგებულია ყველანაირი სანებართვო დოკუმენტაცია, ბიზნესგეგმა - შეკრულია, იდეების განხორციელების ფიზიკური ადგილი შერჩეულია, საბანკო დაფინანსება მოპოვებულია და დარჩენილია ინვესტორის მხრიდან კაპიტალის ჩადება.

- და მაინც, ეს პროექტები ვინ უნდა გააკეთოს - ბიზნესს ხომ უკეთესი ყნოსვა აქვს?

- რა თქმა უნდა, საინვესტიციო პროექტების იდეებზე ბიზნესმა უნდა იმუშაოს და ბიზნესგეგმა ინვესტორმა უნდა შეკრას, მაგრამ მისი მომზადების პროცესში მთავარ როლში სახელმწიფოა. მაგალითად ავიღოთ შოვის კურორტის განვითარების პროექტი, რომელზედაც ჩვენი ბიზნესჯგუფი (კომპანია "სიმეტრია) მუშაობდა - დიდი დრო დავხარჯეთ იმისთვის, რომ გენერალური გეგმა შეგვეთანხმებინა სახელმწიფოსთან; ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ამ პროცესს სამი წელი მოუნდა და თან არავის ჰქონდა გარანტია, რომ სამ წელიწადში დასრულდებოდა ეს პროცესი თუ - რვა წელიწადში... ჩვენ კიდევ გავრისკავთ, რომ ბევრ წერტილში შეიქმნას ახალი საკურორტო კომპლექსები საქართველოში, მაგრამ ამაზე უნდა დაფიქრდეს სახელმწიფო. კერძო ბიზნესი რატომ არ უღებს რისკებს ისეთ ადგილებში, სადაც რთულია პროგნოზირება, რაღაც პროცესი როდის დასრულდება, თორემ ფულის დეფიციტი საქართველოს მასშტაბითაც კი არ არის, მით უმეტეს რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში - იგრძნობა საქართველოს უძრავი ქონების მისამართით ებრაული კაპიტალის ინტერესი.

- მოკლედ, ფული არის და მზა და კარგი პროექტები გვჭირდება?

- დიახ... მარტივი მაგალითი რომ ავიღოთ - როცა კორპუსი შენდება, ეგრევე იყიდება უძრავი ქონება, მაგრამ თუ მხოლოდ იდეებზე ვსაუბრობთ ანუ ე.წ. ჰაერზე, იქ დაკვირვება მიდის და დინამიკაც შესაბამისია.

- საქართველოში წერტილი რას უნდა დაესვას?

- „წერტილი უნდა დაესვას ზოგად საუბარს, ყველა მხრიდან - მათ შორის კერძო სექტორის მხრიდანაც. ჩვენი ეკონომიკური გაერთიანება კონკრეტულ ინიციატივებზე მუშაობს და უბრალოდ, ხელის ჩამორთმევისთვის არ გვინდა სადმე სიარული. მოკლედ, უნდა დამთავრდეს ტყუილი საუბარი და ყველა საქმეზე გადავიდეს. სახელმწიფოსგანაც უნდა იყოს კონკრეტული გზავნილები, რასაც გარკვეული მიმართულებით ვხედავთ, რაც სასიხარულოა, მაგრამ რაც ითქმის, ის უნდა გაკეთდეს; ასეთ შემთხვევაში, ბიზნესი უფრო მეტი ენთუზიაზმით გააგრძელებს საქმის კეთებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები