მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში გამომუშავებული ენერგია უნდა გავიტანოთ ევროკავშირში, ან სატრანზიტო ქვეყნად დავრჩებით - ნარმანია

63a5b57783f03
გიორგი თოლორდავა
23.12.22 18:30
668
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რომ ევროკავშირისა და კავკასიის დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელის პროექტს საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის კიდევ ერთხელ ცხადყოფს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს, თუმცა ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი ენერგეტიკის განვითარება, რათა ქვეყანამ არა მარტო სატრანზიტო როლის შესრულება, არამედ ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის გატანა შეძლოს.

“შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი არის სტრატეგიულად, ეკონომიკურად და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ინიციატივა საქართველოსთვის. ის კიდევ უფრო მეტად ზრდის საქართველოს, როგორც საექსპორტო და სატრანზიტო სახელმწიფოს როლს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის განხორციელებას თან მიჰყვეს ქვეყანაში ენერგეტიკის განვითარება და ჩვენ თავად შევძლოთ მეტი ენერგიის გენერაცია, რათა საქართველოში გამომუშავებული ენერგია ევროკავშირის ბაზარზე გავიტანოთ.

სხვა შემთხვევაში, ჩვენ დავრჩებით მხოლოდ სატრანზიტო ქვეყნად, რა თქმა უნდა, ეს ცუდი არ არის, რადგან ტრანზიტიდან საქართველო აუცილებლად მიიღებს თავის შემოსავალს, მაგრამ კიდევ უფრო მეტი სარგებელი ქვეყანამ შეიძლება ადგილობრივი ენერგოგენერაციის განვითარებით მიიღოს“, - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი (1100 კმ - წყალქვეშა, ხოლო 95 კმ სახმელეთო ნაწილი) რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს აღნიშნულ რეგიონებს შორის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები