2023 წლის მდგომარეობით, საქართველოში გარდაცვალების მიზეზებს შორის დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები (40%) და სიმსივნეები (11.6%). ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ბუნებრივი მოძრაობის სტატისტიკის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
თუ 2013 წლის მონაცემებს 2023 წლის გარდაცვალების მონაცემებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ მიზეზებს შორის რაოდენობრივად მნიშვნელოვანი ცვლილება სიმსივნეებით, საჭმლის მომნელებელი და ენდოკრინული სისტემების ავადმყოფობებით გარდაცვალების შემთხვევებში არ შეინიშნება.
ამასთან, 10 წელში შემცირებულია სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებით გარდაცვალებულთა შემთხვევები 18 727-დან 17 100-მდე, ნერვული სისტემის ავადმყოფობებით 579-დან 480-მდე და პერინატალურ პერიოდში განვითარებული ზოგიერთი მდგომარეობის შემთხვევები 433-დან 256-მდე.
სამაგიეროდ, 2013 წლიდან 2023 წლამდე გაიზარდა სისხლის და სისხლმბადი ორგანოების ავადმყოფობებით გარდაცვალების შემთხვევები 158-დან 426-მდე, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობებით გარდაცვალების შემთხვევები 66-დან 298-მდე, სასუნთქი სისტემის ავადმყოფობებით გარდაცვალების შემთხვევები 1144-დან 3214-მდე.
თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ 2013 წელს გარდაცვალებულთა რაოდენობა 48 564 იყო, მაშინ როცა, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 42 756-მდე შემცირდა.
“გარდაცვლილთა რაოდენობის პროცენტული განაწილება გარდაცვალების მიზეზების ძირითადი კლასების მიხედვით განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის. 5 წლამდე ასაკში გარდაცვალების 3 ძირითად მიზეზს წარმოადგენს პერინატალურ პერიოდში განვითარებული ზოგიერთი მდგომარეობა, თანდაყოლილი ანომალიები, დეფორმაციები და ქრომოსომული დარღვევები და უბედური შემთხვევები.
5-14 წლის ასაკში გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს უბედური შემთხვევები, ნერვული სისტემის და გრძნობის ორგანოების სხვა ავადმყოფობები და ავთვისებიანი სიმსივნეები. 2022 წელს 15-69 წლის ასაკში გარდაცვალების მიზეზებში ჭარბობს ავთვისებიანი სიმსივნეები და ცერებროვასკულური ავადმყოფობები ორივე სქესისთვის.
ასევე, კაცებს შორის დიდ წილს იკავებს გულის იშემიური ავადმყოფობები (9.7 პროცენტი), ხოლო ქალებს შორის - ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (7.1 პროცენტი).
70 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში, როგორც მოსალოდნელია, ჭარბობს გულის და სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები”, - წერია საქსტატის ანგარიშში.