ეროვნული ბანკი მარტის თვის ინფლაციური მოლოდინების მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეები ქვეყანაში გაზრდილ ინფლაციას მოელიან, ვიდრე ეს აქამდე იყო პროგნოზირებული. კერძოდ, გაზრდილია იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მომდევნო ერთწლიან ჭრილში ფასები 4-6%-ით გაიზრდება; შემცირებულია მათი რაოდენობა ვინც ფიქრობს, რომ ინფლაცია მომდევნო ერთწლიან ჭრილში მხოლოდ 2-4%-ის ფარგლებში იქნება.
ინფლაციური მოლოდინების კვლევის შედეგები:
- ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, 2026 წლის მარტში თებერვალთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა. იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ფასების ცვლილებას 4%-6%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ, გაზრდილია. მეორე მხრივ, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 2%-4%-ისა და 6%-8%-ის ინტერვალში მოიაზრებენ.
- ამავე გამოკითხვის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში თებერვალთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. ერთი მხრივ, იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად, 6%-8%-ისა და 2%-4%-ის ინტერვალში მოელიან, გაზრდილია. მეორე მხრივ, წინა თვესთან შედარებით, შემცირდა იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 4%-6%-ის ფარგლებში ელოდებიან.
- გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1-წლიან პერიოდში გაზრდილია. კერძოდ, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 6%-8%-ის, 4%-6%-ისა და 2%-4%-ის ინტერვალში ვარაუდობენ. ამავდროულად, შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ცვლილებას შედარებით დაბალ ინტერვალში (0-2%) ელოდებიან.
- ამავე გამოკითხვის მიხედვით, მარტში თებერვალთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე გაზრდილია. კერძოდ, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 30%-ზე მეტად და 10%-20%-ის ინტერვალში ელოდებიან, გაზრდილია. ხოლო, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების უცვლელად შენარჩუნებას (0%) ელოდებიან.
- გამოკითხულთა აზრით, მარტში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) წინა თვესთან შედარებით გაზრდილია.



























