საქართველოში ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგებიდან ხდება ცნობილი. სებ-ი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მათ ფასებთან და მომავალ ინფლაციასთან დაკავშირებით ყოველთვიურად უგზავნის კითხვარს. დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ინფლაციური მოლოდინები არის შემცირებული. ეს ქვეყანაში ინფლაციის კლებას უკავშირდება, რამაც დეკემბერში 0.1% შეადგინა, ეს უკანასკნელი წლების მინიმალური მაჩვენებელია.
"ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. კერძოდ, მნიშვნელოვნად დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 6%-8%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად ზრდას ფიქრობენ. ამის საპირისპიროდ, გაიზარდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ცვლილებას 0%-თან ახლოსა და 0%-2%-ის ფარგლებში ელოდებიან.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. კერძოდ, ნოემბერთან შედარებით, დაკლებულია იმ მონაწილეთა
რაოდენობა, რომლებიც ფასების ცვლილებას 6%-8%-იან ზრდის ინტერვალსა და 8%-ზე მეტად ელოდებიან. ამის საპირისპიროდ, მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე საშუალოდ ფასების ზრდას 2%-4%-ის ფარგლებსა და 4%-6%-ის ფარგლებში ფიქრობენ.
გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში დაკლებულია. კერძოდ, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით შემცირდა იმ რესპოდენტთა
რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქტზე ფასების მატებას 4%-6%-ის ფარგლებსა და 8%-ზე მეტად მოიაზრებენ. მეორე მხრივ, გაიზარდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 0%-თან ახლოს და 2%-4%-ის ფარგლებში ფიქრობენ.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, დეკემბერში ნოემბერთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე შემცირებულია. კერძოდ, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების მატებას 10%-20%-ის ფარგლებსა და 30%-ზე მეტად ფიქრობენ. მეორე მხრივ, მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ზრდას 0%-10%-ის ფარგლებში ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, დეკემბერში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების ათვისების დონე (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) ნოემბერთან შედარებით დაკლებულია,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფლაციური მოლოდინების დეკემბრის გამოკითხვის შედეგებში.