დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის კოლაბორაციული ცენტრი გაიხსნა. ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა გახსნა.
უწყების ხელმძღვანელმა მოწვეულ სტუმრებს ცენტრის მიზნები გააცნო და აღნიშნა, რომ ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ დაავადების ტვირთი მნიშვნელოვნად შეამცირა.
მინისტრის განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან, კოლაბორაციული ცენტრის გახსნის გადაწყვეტილება, საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელოვანი წარმატების აღიარება და საერთაშორისო პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერაა.
კერძოდ, კოლაბორაციული ცენტრის სტატუსის მინიჭებით საქართველოს ჰეპატიტების ელიმინაციის ეროვნული გეგმებისა და ტესტირების სტრატეგიების შემუშავება, მონიტორინგი, დიაგნოსტიკური ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება და წარმატებული გამოცდილების გაზიარების უფლება და პასუხისმგებლობა ენიჭება.
"ეს დიდი მოვლენაა და მხოლოდ აქ მომუშავე გუნდის აღიარებას სცილდება. ეს არის მაღალი დონის პოლიტიკური ვალდებულებების შესრულების, აქ დასაქმებულთა მაღალპროფესიონალურად მუშაობის, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ეფექტიანი თანამშრომლობის, საჯარო თუ კერძო სექტორის, საზოგადოებრივი აქტორებისა და პაციენტთა ასოციაციების ერთობლივი მუშაობის შედეგი", - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ.
"ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამაყობს, რომ მხარს უჭერს მეცნიერების, მედიკოსების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეების ერთობლივ ძალისხმევას საქართველოში ვირუსული ჰეპატიტის აღმოსაფხვრელად. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ პარტნიორობის გაგრძელებას აშშ-სა და ჰეპატიტის ელიმინაციის კოლაბორაციულ ცენტრს შორის. ამ ელიმინაციის მცდელობებმა გააუმჯობესა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ვიმედოვნებთ, რომ ეს მოტივაციას შეუქმნის სხვა ქვეყნებს გააუმჯობესონ და დაიწყონ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამები საკუთარი ხალხისთვის", - განაცხადა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელმა, სენად ჰანდანაგიჩიმ.