მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კაცების ხელფასი ქალების საშუალო ხელფასს 16%-ით აღემატება - მსოფლიო ბანკი

6061d46422d7e
შოთა ტყეშელაშვილი
29.03.21 17:22
848
მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის საქართველოს გენდერული შეფასების თანახმად, ქალების წვდომა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე მამაკაცებთან შედარებით შეზღუდულია.

ანგარიშის თანახმად, მამაკაცების საშუალო ანაზღაურება დემოგრაფიული და სამუშაო მახასიათებლების გათვალისწინებით ქალების ხელფასს საშუალოდ 16 პროცენტული პუნქტით აღემატება. შრომით რესურსებში მონაწილეობის თვალსაზრისით სქესთა შორის სხვაობა 19 პროცენტული პუნქტია.

მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ პროფესიული და დარგობრივი უთანასწორობიდან გამომდინარე ქალები ხშირად ისეთ სამუშაოებს ასრულებენ, სადაც საშუალო შემოსავლები დაბალია.

"ქალები როგორც წესი, ნაკლებად ჩართული არიან ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა (STEM). გარდა ამისა, ფინანსებთან შეზღუდულ წვდომასა და სხვა ბარიერებს შეუძლია ქალთა სამეწარმეო პოტენციალის შეზღუდვა", - ნათქვამია დოკუმენტში.

მსოფლიო ბანკის უფროსი ეკონომისტი ალან ფუქს ტარლოვსკი აცხადებს, რომ 2020 წელს არსებულმა პანდემიურმა ვითარებამ გაზარდა გენდერული უთანასწორების გაფართოების რისკები.

"ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა გენდერული მოწყვლადობა, რის გამოც ქალები უდიდესი სტრესის წინაშე დგანან, რადგან მათ უწევთ ანაზღაურებადი და აუნაზღაურებადი შრომის დაბალანსება, რაც გულისხმობს, ერთის მხრივ, ოჯახისა და ბავშვის მოვლის საჭიროებას, ხოლო მეორეს მხრივ, საკუთარი ბიზნესისა და საქმიანობის წარმატებულად ფუნქციონირების უზრუნველყოფას. საქართველოში ჩატარებული ახალი კვლევის მტკიცებულებები მიუთითებს, რომ COVID-19 -ის პანდემიის დაწყების შემდეგ ქალები უფრო მეტად ტოვებენ სამსახურს, ვიდრე მამაკაცები", - ნათქვამია დოკუმენტში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქალებისთვის განათლება ხელმისაწვდომია, ეს შესაძლოა სულაც არ ნიშნავდეს მათი უნარ-ჩვევების ან/და შრომითი ბაზრის შედეგების გაუმჯობესებას. გენდერულ უთანასწორობასთან ერთად დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოს სასკოლო განათლების სისტემას ვაჟებისა და გოგონების  ხარისხიანი განათლებითა და უნარებით უზრუნველყოფა უჭირს. ამას აჩვენებს ადამიანური კაპიტალის განვითარების ინდექსი (HCI), რაც საქართველოსთვის 0.57-ია. 

"ეს იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდები 18 წლის ასაკისთვის თავიანთი ადამიანური კაპიტალის პოტენციალის მხოლოდ 57%-ის რეალიზაციას ახერხებენ," - ნათქვამია დოკუმენტში.

„სამომავლოდ, საქართველომ უნდა განსაზღვროს პრიორიტეტული ღონისძიებები სათანადო უნარ-ჩვევების ათვისების ხელშესაწყობად და, როგორც ანგარიში მიუთითებს, ასევე გააუმჯობესოს ქალთა უნარი შრომით ბაზარსა და სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვის თვალსაზრისით. აღნიშნულ პრიორიტეტებს შეუძლია ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოება და ასევე, მათი კეთილდღეობისა და სხვადასხვა სფეროში განვითარებისა ხელშეწყობა“, - აღნიშნავს მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები