მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში კრიპტოვალუტების მაინინგი წინა წელთან შედარებით შვიდჯერ არის გაზრდილი

მაინინგი

2025 წელს საქართველოში კრიპტოვალუტების მაინინგის სექტორი მკვეთრად გაიზარდა. ვირტუალური ფულის გამომუშავება რთული მათემატიკური ამოცანების ამოხსნასთან არის დაკავშირებული, რაც თავის მხრივ საკმაოდ ენერგოტევადი პროცესია.

მაინინგის მატება დაკავშირებულია კრიპტოვალუტების ფასების მატებასთან, არსებული მდგომარეობით ბიტკოინის ფასი $95 ათას დოლარს აღწევს.

როგორც სემეკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, ამ სფეროში მოქმედმა კომპანიებმა 2025 წლის პირველ სამ თვეში უფრო მეტი დენი მოიხმარეს, ვიდრე ფოლადის საწარმოებმა. კრიპტოვალუტების მაინინგით დაკავებული კომპანიების მოხმარება საქართველოს რკინიგზის მოხმარებასაც აღემატებოდა.

2025 წლის სამ თვეში, ამ კომპანიებმა ჯამში 187 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც წლიურად 7.5-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია. აღნიშნული კომპანიები ძირითადად თბილისისა და ქუთაისის თიზ-ებში არიან რეგისტრირებული, რადგან აღნიშნულ ზონებში ელექტროენერგიის მიწოდება დღგ-ს გადასახადისგან არის გათავისუფლებული.

კომპანიების მიხედვით, მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის მხრივ პირველ ადგილზეა შპს ეიაიტექ სოლუშენი, რომელმაც 61.9 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა. კომპანია ოპერირებს თბილისში, გლდანის დატა ცენტრში, სადაც წარსულში Bitfury ახორციელებდა მაინინგს.

ელკექტროენერგიის მოხმარებით მეორე ადგილზეა კომპანია შპს თი ეფ ზი სერვისის, რომელმაც 55.9 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა. თავის მხრივ ეს კომპანია მაინინგით არ არის დაკავებული, თუმცა თიზ-ში არსებული სხვა მაინინგ კომპანიებისთვის ახდენს ელექტროენერგიის მიწოდებას.

37.2 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა კომპანია ტექსპრინტ კორპორეიშენმა, აითილების მოხმარება 24.6 მილიონი კილოვატ საათი იყო, ხოლო კომპანია დატა ჰაბის მოხმარება კი 7.2 მილიონი კილოვატ საათი.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2024 წელს საქართველოში სასერვერო აპარატურის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა და მან 115 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც ბოლო 5 წელში ამ საქონლის იმპორტი საშუალოდ 30 მილიონი დოლარი იყო. ესეც სავარაუდოდ ქვეყანაში მაინინგის სფეროს გააქტიურებასთან არის დაკავშირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები