საქართველოში ლოგისტიკურ კომპანიებს შორის გარკვეული უნდობლობა არსებობს, - ასე აფასებს სექტორში არსებულ გარემოს ლოგისტიკური კომპანია Sky Log-ის მმართველი პარტნიორი გიორგი ზუმბაძე. მისი თქმით, სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ მასშტაბურ ღონისძიებებს, როგორიცაა Logistics Expo 2026, რომელიც ადგილობრივ კომპანიებს შორის კომუნიკაციასა და თანამშრომლობას აძლიერებს.
ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა Logistics Expo 2026 12-13 მარტს „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება. გამოფენა და კონფერენცია გააერთიანებს ინდუსტრიის ლიდერებს, ექსპერტებსა და ლოგისტიკური პარტნიორების პოვნით დაინტერესებულ კომპანიებს მთელი რეგიონიდან.
როგორც გიორგი ზუმბაძემ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა, მსგავსი ღონისძიებების მთავარი მიზანი ადგილობრივ კომპანიებს შორის უფრო მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბებაა.
„ჩვენი სექტორის წარმომადგენლები ხშირად დავდივართ საერთაშორისო გამოფენებზე. ასეთი გამოფენების, როგორიცაა Logistics Expo 2026, მთავარი აზრი არის ის, რომ ადგილობრივმა კომპანიებმა ერთმანეთთან მეტი კონტაქტი დაამყარონ. მე უკვე 10 წელია ვაკვირდები ამ სფეროს და საქართველოში ლოგისტიკურ კომპანიებს შორის გარკვეული უნდობლობა არსებობს. კონკურენცია ბუნებრივია იქნება, თუმცა ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ყველა შესაძლებლობა საერთო გლობალურ ჯაჭვში იყოს გამოყენებული“, - ამბობს ზუმბაძე.
მისი თქმით, სხვადასხვა კომპანიას განსხვავებული შესაძლებლობები აქვს და სწორედ თანამშრომლობის შედეგად შეიძლება შეიქმნას ისეთი ლოგისტიკური ჯაჭვი, რომელიც ევროპასა და აზიას ერთმანეთთან კიდევ უფრო ეფექტიანად დააკავშირებს.
„შეიძლება ჩვენ ვერ ჩავერთოთ იმ სერვისში, რასაც სხვა კომპანია აკეთებს, თუმცა შეგვიძლია სხვა მიმართულებით შევთავაზოთ მომსახურება და საბოლოოდ, შეიქმნას ჯაჭვი, რომელიც ტვირთის მოძრაობას უზრუნველყოფს არა მხოლოდ ევროპიდან საქართველოში, არამედ საქართველოდან აზიაში და პირიქით“, - აღნიშნავს იგი.
ზუმბაძის თქმით, მსგავსი ღონისძიებები კიდევ ერთი მიზეზითაც არის მნიშვნელოვანი - ისინი კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარონ : „ხშირად ისე გადის მთელი წელი, რომ კომპანიებმა ერთმანეთი შეიძლება ვერც კი ვნახოთ. ასეთ ღონისძიებებზე კი შესაძლებელია იდეებისა და გამოცდილების გაცვლა - რა შესაძლებლობა აქვს ერთ კომპანიას და რა მეორეს, რათა საბოლოოდ მომხმარებლისთვის უკეთესი შედეგი მივიღოთ“, - ამბობს იგი.
მისივე შეფასებით, გამოფენა მომხმარებლებისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან მათ შესაძლებლობას აძლევს უკეთ გაიცნონ ადგილობრივი კომპანიები. ზუმბაძის თქმით, საქართველოში მომხმარებლები ხშირად უპირატესობას უცხოურ კომპანიებს ანიჭებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ისინი უკეთეს მომსახურებას სთავაზობენ.
„ასეთი ღონისძიებები საშუალებას გვაძლევს მომხმარებელს ვაჩვენოთ, რომ ქართულ კომპანიებსაც შეუძლიათ ძალიან მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება. ასევე შეგვიძლია ავუხსნათ სხვადასხვა საკითხი, მაგალითად რას ნიშნავს ტვირთის დაზღვევა ან CMR დაზღვევა. სამწუხაროდ, საქართველოში დაზღვევის კულტურა ჯერ კიდევ სუსტად არის განვითარებული“, - ამბობს ზუმბაძე.
მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო კომპანიებისა და პარტნიორების მონაწილეობაც, რადგან ეს საქართველოს მიმართ ინტერესს ზრდის.
„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის უცხოური კომპანიების ვიზიტი, რადგან ეს საქართველოზე დაინტერესებას ზრდის. ჩვენს ქვეყანაში ბევრი ძლიერი ლოგისტიკური კომპანია ოპერირებს, რომელსაც აქვს საკუთარი ავტოპარკი და სასაწყობო ინფრასტრუქტურა, თუმცა ეს შესაძლებლობები ბოლომდე ცნობილი არც ევროპაშია და არც აზიაში“, - აღნიშნავს ის.
ზუმბაძის შეფასებით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტებში, ამიტომ მსგავსი ღონისძიებები მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური უნდა გახდეს.
„ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ, რომ გვინდა თუ არა, საქართველო გეოგრაფიულად ერთგვარი ცენტრი ხდება. მოთხოვნაც იზრდება, განსაკუთრებით იმ მოვლენების ფონზე, რაც რეგიონში მიმდინარეობს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ასეთი გამოფენა მომავალში ბევრად უფრო მასშტაბური იყოს - 10-ჯერ ან 20-ჯერ უფრო დიდი, რათა უფრო მეტი ქვეყანა ჩამოვიდეს და უკეთ გაიცნონ ქართული კომპანიები", - ამბობს გიორგი ზუმბაძე.
მისივე თქმით, მსგავსი ღონისძიებების რეგულარული ჩატარება ხელს შეუწყობს საქართველოს ლოგისტიკური სექტორის საერთაშორისო ცნობადობის ზრდას და ქვეყნის როლის გაძლიერებას გლობალურ სატრანსპორტო ქსელში.




























