საქართველოს სუპერმარკეტებში ლუდის ფასი აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან შედარებით იაფია, ხოლო ყაზახეთთან შედარებით ძვირი. ამის შესახებ Galt & Taggart-ის ლუდის სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.
ანგარიშის თანახმად, ყაზახეთში 1 ლიტრი ლუდი $0.95 ღირს, საქართველოში $0.96, ჩეხეთში $0.98. ფასის მხრივ, მეოთხე ადგილზეა თურქეთი, სადაც ლუდის ღირებულება $1.09-ია. შემდეგ მოდის: სომხეთი, ნიდერლანდები და რუსეთი. ყველაზე ძვირი აზერბაიჯანშია. 1 ლიტრი ლუდის ფასი $2.24-ია.
რაც შეეხება ბარებს, Galt & Taggart-ის მონაცემებით, საქართველოს ბარებში ლუდის ფასი რეგიონის ქვეყნებთან შედარებით ყველაზე იაფია. კერძოდ, საქართველოში ლიტრიანი ბოთლის ლუდის შეძენა $3.64-ადაა შესაძლებელი. $4 ღირს ლუდი ჩეხეთის ბარებში, $4.12 აზერბაიჯანის ბარებში. შემდეგ მოდის: სომხეთი, ბელგია, ყაზახეთი, თურქეთი, გერმანია და ნიდერლანდები. ყველაზე ძვირი, $8.84 რუსეთის ბარებშია.
ანგარიშის თანხმად, 2021-2023 წლებში ქვეყანაში ლუდის ფასი მზარდია, რაც მოთხოვნის ზრდასთან ერთად, თვითღირებულების ზრდას უკავშირდება.
ლუდის სექტორის შემოსავალი 2023 წლის სამ კვარტალში 15.2%-ით, 446.1 მლნ ლარამდე გაიზარდა. ჯამური შემოსავლების 60%-მდე ლუდის გაყიდვებიდან და დანარჩენი არაალკოჰოლური სასმელების გაყიდვებიდანაა.