„საქართველოში მაღალი სამართლებრივი სტანდარტია... 1000 მოძალადიდან 20-ია დაკავებული", - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მან ისაუბრა ექიმი, გიორგი ახობაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და თქვა რომ იგი სასამართლომ იმიტომ გაათავისუფლა რომ 100%-იანი მტკიცებულებები არ იყო წარმოდგენილი.
"ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ 1000 მოძალადიდან მხოლოდ 20-ია დაკავებული, ამის მიზეზიც არის მაღალი სამართლებრივი სტანდარტი. გამომდინარე იქიდან, რომ 100%-იანი არ იყო მტკიცებულებები, 1%-ი მაინც თუ რჩება, სასამართლო ვალდებულია, გაათავისუფლოს ადამიანი. მაშინაც კი, როცა იცის, რომ ადამიანი არის ნარკომანი, მოიხმარს და ასაღებს ნარკოტიკებს, თუ არ არის 100%-იანი მტკიცებულები სასამართლოს ევალება გაათავისუფლოს ადამიანი.
ვიდეო რომ არ იყო გადაღებული, სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს ახობაძე პატიმრობიდან. არაფერ შუაში არ არის „ჩადება“. 100%-იანი მტკიცებულების სტანდარტზე არის საუბარი. ერთი რამ მინდა გირჩიოთ, აქ საქმე არ ეხება არც ახობაძეს, არც პეტრეს და არც პავლეს - ნუ გამოაცხადებთ ადამიანებს გმირებად, რომლებიც ბავშვებს მორფს ჰპარავდნენ“,- განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარე წლის 6 აგვისტოს ბრალდებული ექიმი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.




























