მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მდებარე ქარხანამ Boeing 787-ის შემდეგ, Boeing 737-ის ნაწილების წარმოებაც დაიწყო

6203834eb7fc9
სალომე ჭიპაშვილი
09.02.22 23:40
1552
ATC-იმ ავიაინდუსტრიაში ახალი მიმართულება დანერგა. კერძოდ, კომპანიამ “737 მაქსის” მეტალის ნაწილებისა და ტექნიკური კარის წარმოება დაიწყო.

„გარდა “787 დრიმლაინერის” კომპოზიტებისა, რასაც ჩვენ ვაწარმოებდით, დავიწყეთ “737 მაქსის” მეტალის ნაწილების აწყობაც, კონკრეტულად ტიტანის, ფოლადისა და ალუმინის ნაწილების. ასევე დავნერგეთ კიდევ ერთი ახალი მიმართულება სახელწოდებით „ჰანიქომბი“, რაც არის ფიჭაშემავსებელი და გამოიყენება ავიაინდუსტრიაში. ამ უკანასკნელს ანალოგი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში არ აქვს.“ - განაცხადა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ATC-ის ფინანსურმა დირექტორმა, მიხეილ ბეგიაშვილმა.

კომპანიამ ტექნიკური კარების მიწოდება „ბოინგისთვის“ 2022 წლის იანვრიდან დაიწყო.

„ამ ეტაპზე მხოლოდ „ბოინგთან“ გვაქვს პირდაპირი ურთიერთობა და მიწოდება, რაც აისახება ჩვენ მიერ ამერიკაში ექსპორტირებული პროდუქციით. თვითმფრინავის ნაწილები, აშშ-ში ექსპორტირებული პროდუქციის ჩამონათვალში მესამე ადგილს იკავებს", - განაცხადა მიხეილ ბეგიაშვილმა.

მისივე თქმით, 2020-21 წლებში პანდემიისგან განპირობებული გლობალური პრობლემებიდან გამომდინარე, საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმნა ავიაინდუსტრიას და შესაბამისად კომპანიასაც. ფრენების რიცხვი გაზრდილია, თუმცა ATC შეფერხებით მუშაობს და სიტუაციის გამოსწორებას კომპანიაში 2023 წლისთვის ელოდებიან.

ცნობისთვის, ATC „საპარტნიორო ფონდისა" და ისრაელის ტექნოლოგიური კომპანია „Elbit“-ის თანადაფინანსებით, 2019 წელს შეიქმნა, რომელშიც განხორციელებულმა ინვესტიციამ 93 მილიონი დოლარი შეადგინა. კომპანიაში 130 ადამიანია დასაქმებული, რომლის 99% საქართველოს მოქალაქეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები