მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მინერალური წყალი გაძვირდა - მწარმოებლები მიზეზებს განმარტავენ

61ea8f796d149
ვიქტორია მღებრიშვილი
21.01.22 15:00
3929
ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ მაღაზიებში მინერალური და მტკნარი წყლები გაძვირდა. 1.5-ლიტრიანი კონკრეტული წარმოების მტკნარი წყლის ფასი 1.45 ლარიდან 1.55 ლარამდე გაიზარდა.

BM.GE დაინტერესდა - რა ფაქტორები მოქმედებს წყლის ღირებულების კორექტირებაზე და ამ კითხვებით საქართველოში მინერალური წყლების მსხვილ მწარმოებლებს მიმართა.

„აი დი ეს ბორჯომი თბილისში“, „წყალი მარგებელსა“ და „აქვა გეო“-ში ადასტურებენ, რომ ახალი წლიდან მწარმოებლებს წყლის ღირებულების გაზრდა მოუწიათ. ცვლილება სხვადასხვა კომპანიის შემთხვევაში 8-12%-ის ფარგლებში მერყეობს.

„ჩვენი კომპანიის, „IDS ბორჯომი თბილისის“ პორტფელში შემავალ პროდუქტებზე ფასების ცვლილება საოპერაციო დანახარჯების გაძვირებამ განაპირობა, რაც პირველ რიგში ნედლეულის, შესაფუთი მასალების და ლოგისტიკური ხარჯების ზრდით არის გამოწვეული; მნიშვნელოვანია ასევე პანდემიით გამოწვეული სირთულეები, რომელიც აბსოლუტურად ყველა ბიზნეს სექტორს შეეხო.

ფასების კორექტირება 2022 წლის იანვრიდან მოხდა, „ბორჯომის“ სხვადასხვა შეფუთვა საშუალოდ 25 თეთრით, „ლიკანის“ – 15-20 თეთრით, ხოლო „ბაკურიანის“ 5 თეთრით გაიზარდა.

იმედს ვიტოვებთ, რომ გლობალური ინფლაციური ფაქტორები დასტაბილურდება, რაც არსებული საფასო პოლიტიკის შენარჩუნების შესაძლებლობას მოგვცემს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ წლის განმავლობაში მაქსიმალურად შევეცდებით, ჩვენს მომხმარებლებს სხვადასხვა სახის პრომო აქციები და ფასდაკლებები შევთავაზოთ“, - აცხადენებ „აი დი ეს ბორჯომი თბილისში“.

მინერალური წყლების „ნაბეღლავის“, „ბახმაროსა“ და „ჯეო ნატურას“ მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელში“ კი ამბობენ, რომ ახალი წლის შემდეგ პროდუქტი დაახლოებით 10%-ით გაძვირდა.

„საწვავის გაძვირება და ტრანსპორტის ხარჯების გაზრდა პროდუქტის თვითღირებულებაზე დიდ გავლენას ახდენს. ამასთან მსოფლიოში მასალის - ტარის -  ღირებულება შესამჩნევად გაზრდილია, შესაბამისად, კომპანიას საბოლოოდ წყლის ღირებულების გაზრდა მოუწია. რთულია მოლოდინებზე საუბარი, რადგან ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ვართ დამოკიდებული“, - განმარტა “წყალი მარგებელის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა ბერიშვილმა.

„აქვა გეოში“, რომელიც მინერალურ და მტკნარ წყლებს „კობის“ და „სნოს“დასახელებით აწარმოებს, აცხადებენ, რომ სატრანსპორტო ხარჯი და ნედლეული იმდენად გაძვირდა, რომ მათ ფასების კორექტირება მცირედით მოუწიათ.

„პირველ რიგში, ძვირდება თვითონ ნედლეული, ასევე ნავთობი და გაზის გაძვირება, რაც მინის ტარას აძვირებს. ყველაფერი გაგვიძვირდა და ეს პროდუქტის ფასზე აისახა. დღეს მუშახელის ბაზარიც გაძვირებულია და ხელფასების მომატება გვიწევს. მინერალურ და მტკნარ წყლებზე ფასის მომატებით გაზრდილ ხარჯებს ვერ დავეწევით. იმ ზრდას რომ გავყვეთ, რამდენითაც ხარჯი გაგვეზარდა, პროდუქტი არარეალიზებადი გახდება. ამიტომ ამ ბეწვის ხიდზე გავლას ვცდილობთ, რამენაირად ჩვენი დანაკარგების მინიმიზაცია მოვახდინოთ და შევინარჩუნოთ თავი. რთული სათქმელია რამდენით გავზარდეთ ფასი, კატეგორიების მიხედვით პროდუქტი 8-12% გაძვირდა, ხოლო ჩვენი ხარჯების ზრდამ 30% შეადგინა“, - აღნიშნა „აქვა გეოს“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები