მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნაბეღლავის" და "ბახმაროს" მწარმოებელს სახელმწიფომ წყლის მოპოვების მოცულობები გაუზარდა

წყალი მარგებელი

სახელმწიფომ მინერალური და მტკნარი წყლების ადგილობრივ მწარმოებელ კომპანია „წყალი მარგებელს“ წყლის მოპოვების მოცულობები გაუზარდა. შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობის გვერდზე თებერვლის ბოლოს გამოქვეყნდა, რომელშიც სს „წყალი მარგებელზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის თაობაზე თანხმობის გაცემის გადაწყვეტილებაა გაწერილი.

სს „წყალი მარგებელი“ ქვეყანაში 1997 წლიდან ოპერირებს და გურიაში, სოფელ ნაბეღლავში უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელ ქარხანას მართავს. სწორედ ამ საწარმოში ისხმება მინერალური და მტკნარი წყლები „ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „ჯეონატურა“ და ენერგეტიკული სასმელი „ბუღა“. 2017 წლიდან "წყალი მარგებელმა" ევროპაში წვენების ერთ-ერთ მსხვილ მწარმოებელ კომპანია Rauch-თან დაიწყო თანამშრომლობა და სოფელ ნაბეღლავში Rauch-ის წვენების ადგილობრივი წარმოებაც აამოქმედა.

მთავრობის სამართლებრივი დოკუმენტის მიხედვით, „წყალი მარგებელს“ სოფელ ნაბეღლავის მიმდებარედ არსებული #1 წყაროდან ლიცენზიის მოქმედების ვადის ბოლომდე, ჩამოსხმის მიზნით 131 320.41 მ³ ოდენობით, ხოლო სხვა სამეწარმეო საქმიანობისთვის 140 213 მ³-ის წყლის მოპოვების უფლება ეძლევა.

ამავე განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ჩამოსხმის მიზნით წყლის მოპოვების მოცულობა 78 875მ³-ით გაიზარდა, რისთვისაც ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, ანუ 22 წლის განმავლობაში კომპანიამ 164 628 ლარი უნდა გადაიხადოს.

ამასთან, 29 თებერვალს ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი მეორე განკარგულებაც გამოქვეყნდა, რომელიც ასევე „წყალი მარგებელზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილებების შეტანასა და დამატებითი სალიცენზიო პირობის განსაზღვრას მოიცავს. აღნიშნული სამართლებრივი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სსიპ „მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ“ თანხმობა გასცა სს „წყალი მარგებელზე“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში ბახმაროს #2გ ჭაბურღილიდან მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების მოცულობა 2046 წლის 28 აპრილამდე 2 484 920მ³-ის მოცულობით განისაზღვროს, საიდანაც ჩამოსხმის მიზნით 41 975 მ³-ის, სამეწარმეო დანიშნულებისთვის კი 2 442 945 მ³-ის მოცულობა იქნება გათვალისწინებული.

ამ შემთხვევაში კომპანიას დამატებით პირობად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 58 700 ლარის გადახდა მოუწევს. ამასთანავე, „წყალი მარგებელმა“ მოსაპოვებელი წყლის გაზრდილ ოდენობაზე, რაც 2 063 445 მ³-ია, სახელმწიფო ბიუჯეტში ერთჯერადად 10 000 ლარი უნდა გადაიხადოს.

BM.GE არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ „წყალი მარგებელს“ დაუკავშირდა. კომპანიაში ადასტურებენ, რომ წყლის მოპოვების მოცულობების გაზრდის მოთხოვნა, წარმოების ზრდით არის განპირობებული. მათი ინფორმაციით, 2008 წლის ლიცენზიის პირობებით ჩამოსხმის მიზნით დღე-ღამეში 15 მ³-ის ოდენობით, სხვა სამეწარმეო დანიშნულებით კი დღე-ღამეში 30 მ³-ის ოდენობით წყლის მოპოვების უფლება ჰქონდათ. ახალი ლიცენზიას ვადა 2046 წლამდე აქვს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ლიცენზიით გათვალისწინებული გადასახადები ერთჯერადად გადასახდელი თანხებია, დამატებით გადასახადს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო დადგენილი ფორმულით ითვლის.

„მოპოვებული წყალი როგორც ჩვენი წყლის ბრენდების წარმოებისთვის, ასევე სხვა ყველა პროდუქტისთვის გამოიყენება. წინა და მიმდინარე წელს გაგვეზარდა ყველა პროდუქტის წარმოება და შესაბამისად, მოპოვების ზრდის მოთხოვნაც გაჩნდა“, - აცხადებენ „წყალი მარგებელში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები