მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოში მიწისძვრების მონიტორინგი არ ხდება“ - სეისმოლოგი

63e4fb78ca974
ნანუკა ნარიმანიძე
09.02.23 18:00
302
„საქართველოში მიწისძვრების მონიტორინგი არ ხდება“, - ამის შესახებ ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა და სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო საშუალო სეისმური საფრთხის ქვეყანაა, ამიტომ ძლიერი მიწისძვრები, იშვიათად, მაგრამ, მოსალოდნელია, ამისთვის კი მზად უნდა ვიყოთ.

„საქართველოში მიწისძვრების მონიტორინგი არ ხდება და ამის გამო შესაძლოა, საშუალო მიწისძვრასაც კი ცუდი შედეგები მოჰყვეს. 2002 წელს 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად თბილისში 12,000-მდე შენობა დაზიანდა, გარდაიცვალა რამდენიმე ადამიანი. ეს ისეთი მიწისძვრაა, როდესაც ხალხი არ უნდა იღუპებოდეს და არც შენობები ზიანდებოდეს“, - ამბობს ის.

„1990-იან წლებში სეისმური ქსელი განადგურდა, ციფრული აპარატურა იყო ძველი. 2002 წლის თბილისის მიწისძვრის შემდეგ, მთავრობიდან და სხვადასხვა ორგანიზაციიდან გაჩნდა ინტერესი, რის შედეგადაც შეიძინეს ციფრული სეისმოგრაფები და გაანახლეს აპარატურა, სამწუხაროდ, სეისმომედეგობის ნორმების ინტენსიური ცვლილებები არ ყოფილა“, - დასძინა მან.

მისი თქმით, მიწისძვრისგან დაცვის უალტერნატივო გზა სახლების სეისმომედეგი მშენებლობაა.

„კარგად უნდა შეფასდეს როგორი სიძლიერის ეფექტია მოსალოდნელი ამა თუ იმ ადგილზე და ამის მიხედვით დაპროექტდეს შენობები“, - ამბობს ჯავახიშვილი.

გარდა მიწისძვრების მონიტორინგისა, სეისმოლოგმა ისაუბრა საქართველოს მდებარეობასა და მიწისძვრის საფრთხეებზე, მან აღნიშნა, რომ საქართველო რუკაზე საშუალო სეისმურობის ზონაშია მოქცეული.

„მიწისძვრის დროის პროგნოზირება არ არის შესაძლებელი, თუმცა არის მეთოდები გავიგოთ, სად როგორი მიწისძვრა შეიძლება მოხდეს გარკვეული ალბათობით. შესაძლებელია გავიგოთ, სად შეიძლება გვქონდეს ძლიერი და სუსტი ეფექტები“, - დასძინა მან.

ჯავახიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ასეთი ტექტონიკური პროცესები არ შეიცვლება უახლოეს ხანებში. მისივე თქმით, აუცილებელია მიწისძვრების მკაცრი მონიტორინგი, ვინაიდან კავკასია სეისმურად აქტიური რეგიონია და საქართველოში ასეისმური ტერიტორიები არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები