ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას ეთერში” გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული გეოლოგიური ბიულეტენის შედეგებს აფასებს და აღნიშნავს, რომ ასეთი ბიულეტენები ყოველწლიურად დგება, თუმცა დედაქალაქის განაშენიანების დროს მათი გათვალისწინება ნაკლებად ხდება.
ცნობისთვის, დოკუმენტში საუბარია იმ საფრთხეებზე, რომელიც თბილისში შესაბამისი პირობების (უპირველეს ყოვლისა, უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა და მიწისძვრები) წარმოქმნის შემთხვევაში, შესაძლოა, განვითარდეს. ამასთან, თბილისში დასახელებულია უბნები, სადაც გეოლოგიური პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი.
“ასეთი დოკუმენტი ყოველწლიურად მზადდება და უკვე 15 წელზე მეტია, ელექტრონული ფორმითაც ხელმისაწვდომია ის, ეგზავნებათ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს და იტვირთება ვებგვერდზეც. დოკუმენტში მთელი საქართველოს მასშტაბით გეოლოგიური საფრთხეების შეფასებას მოიცავს.
2017 წელს იგივე ორგანიზაციამ საფრთხეების შეფასების უფრო დეტალური რუკაც წარადგინა, თუმცა რამდენად იყენებენ მას - მგონი პრობლემურია. ქალაქი ფართოვდება, მშენებლობებმა მოიცვა ისეთი უბნები, რომლებიც ადრე სამშენებლო დაგეგმარების ზონებად არც კი განიხილებოდა და უცნობია, რამდენად დეტალურად სწავლობენ ამ რისკიან უბნებს. არ ვიტყვი, რომ ასეთ უბნებში მშენებლობა საერთოდ უნდა აიკრძალოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მსგავსი დოკუმენტების საფუძველზე საჭიროა დამატებითი კვლევები. უკვე არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიები და მეთოდები, რომლითაც ამის გამოთვლა და უსაფრთხოების ზომების მიღებაა შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ყველგან არა, თუმცა გარკვეულ ზონებში ეს შეიძლება”, - ამბობს ზურაბ ჯავახიშვილი.
სეისმოგრაფი აღნიშნავს, რომ მასშტაბური გეოლოგიური კვლევები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შემდეგ განსაკუთრებით საშიშ ზონებში დამატებითი მონიტორინგი განხორციელდეს, რის საშუალებასაც ევროპული გრანტების დახმარებით აღჭურვილი სეისმოლოგიური და გეოლოგიური ცენტრები იძლევა.
“დოკუმენტს ზუსტად ეს დანიშნულება აქვს: ქვეყნის მასშტაბით გვაქვს შეფასება და ვიცით, რომ მონიშნულია ათასზე მეტი მეწყერი, ასობით ღვარცოფული არე და სხვა საფრთხეები. იმ ადგილებში, სადაც განსაკუთრებული საფრთხეა მონიშნული, საჭიროა დამატებითი პარამეტრების შემოტანა, დაკვირვება, მომზადება, ალბათ მოსახლეობის ინფორმირებაც და ა.შ.
საქართველოში სულ 11 ადგილია, სადაც მეწყერებზე დაკვირვება მიმდინარეობს, უახლოესი ტექნოლოგიებით, და ამ ყველაფერში დონორების წვლილი ძალიან დიდია. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით უზარმაზარია დახმარება ევროკავშირის, შვეიცარიის, ამერიკისგან.. რაც შეეხება სეისმოლოგიას, სეისმური ციფრული ქსელი 20 წელია, რაც შეიქმნა და ამ პროცესში ჩვენი პარტნიორების დახმარება იყო გადამწყვეტი. პირველი ციფრული სეისმოგრაფი ჩვენთვის გერმანიამ შეიძინა და ჩვენი პირველი ნაბიჯები ამ ქსელის ათვისებაში სწორედ მათი დამსახურებაა”, - ამბობს ჯავახიშვილი.
მისი თქმით, ჯერჯერობით არ ყოფილა პირდაპირი საუბრები იმასთან დაკავშირებით, რა შედეგებს გამოიღებს რუსული კანონის მიღება სეისმოლოგიური და გეოლოგიური კვლევების ჩატარებაზე საქართველოში, თუმცა ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ დასავლელი პარტნიორების დახმარების გარეშე, საქართველო საჭირო გამოცდილებას ვერ დააგროვებდა.
“ბოლო 20 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რაც არა მხოლოდ აპარატურის შეძენის ნაწილში გამოიხატა, არამედ, ძალიან ბევრ ახალგაზრდას საშუალება მიეცათ, მაღალი დონის უნივერსიტეტებში მიეღოთ სწავლა. გვაქვს პროგრამები და ვთანამშრომლობთ კალიფორნიის უნივერსიტეტთან, ბერკლისთან, სან-დიეგოსთან, არიზონასა და მიჩიგანის უნივერსიტეტებთან. საკმაოდ ბევრ, ხანგრძლივ ტრენინგებზე იგზავნებიან ახალგაზრდები, რომელთაგანაც უკვე ჩამოყალიბდა დიდი გუნდი, რომლებსაც უკვე შეუძლიათ დამოუკიდებელი კვლევის ჩატარება.
ამ ფონდებთან კონკრეტული კომუნიკაცია არ გვქონია, მაგრამ ზოგადი საუბარი იყო, რომ ასეთი დახმარების გარეშე ძალიან უკან ვიქნებოდით, განსაკუთრებით, გამოცდილების კუთხით. შეიძლება, აპარატურის შესაძენად დაფინანსება სხვა პროექტებიდანაც ვიშოვოთ, მაგრამ გამოცდილება, რომელსაც ძალიან ხანგრძლივი და მიზანმიმართული მუშაობა სჭირდება, გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე ტექნიკური აპარატურა”, - განაცხადა ზურაბ ჯავახიშვილმა.