მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მობილური ინტერნეტი გაიაფდა

608be29057b7e
შოთა ტყეშელაშვილი
30.04.21 14:55
1477
საქართველოში მობილური ინტერნეტის ღირებულება შემცირდა - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის ანგარიშიდან ირკვევა. 2021 წლის თებერვლის მდგომარეობით, ბაზარზე ერთი გიგაბაიტი ინტერნეტის საშუალო ღირებულება 0.80 ლარია, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ ფასთან - 1.45 ლართან შედარებით 45%-ით ნაკლებია.

ტარიფის გაიაფებასთან ერთად ბაზარზე იზრდება იმ აბონენტთა რიცხვიც, ვინც 4G მომსახურებას იყენებს. ამჟამად მობილურ ინტერნეტს 2.9 მილიონი აბონენტი მოიხმარს, რაც 2020 წელთან შედარებით 7%-ით მეტია. მთლიანობაში საქართველოში მოქმედი აქტიური SIM ბარათების 58% მობილურ ინტერნეტს მოიხმარს.

კიდევ უფრო მეტად არის გაზრდილი მოხმარებული ინტერნეტის მოცულობა. თუკი 2020 წლის თებერვალში აბონენტებმა 10.3 პეტაბაიტი მობილური ინტერნეტი მოიხმარეს, 2021 წლის თებერვალში ეს მაჩვენებელი 90%-ით გაიზარდა და 19.5 პეტაბაიტი გახდა.

ასევე გაზრდილია თითო აბონენტის მიერ მობილური ინტერნეტის მოხმარება და საშუალოდ 7.2 გბ შეადგინა, რაც 2020 წლის თებერვალთან შედარებით 78%-ით მეტია.

რაც შეეხება თავად მობილური ოპერატორების შემოსავლებს - თებერვალში მათ მომხმარებლისგან 37.8 მილიონი ლარი მიიღეს, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.5%-ით ნაკლებია. ეს შემცირება ძირითადად აქტიური SIM ბარათების ანუ აქტიური ნომრების კლებასთან არის დაკავშირებული. თუკი 2020 წლის თებერვალში ქართული ოპერატორების აბონენტთა რაოდენობა იყო 4.99 მილიონი, 2021 წლის თებერვალში აბონენტთა რაოდენობა 4.88 მილიონია.