მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მომუშავე გერმანული პოლიტიკური ფონდები პარლამენტს "რუსული კანონის" ჩაგდებისკენ მოუწოდებენ

რუსთაველი

საქართველოში წარმოდგენილი გერმანული პოლიტიკური ფონდები „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ და პარლამენტს მისი ჩაგდებისკენ მოუწოდებენ.

„ჩვენ, საქართველოში წარმოდგენილი გერმანული პოლიტიკური ფონდები, გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით. კანონის პირველი მოსმენით მიღება და ზოგადად განხილვა, მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და ურთიერთობებს დასავლელ პარტნიორებთან. კანონის მიღება მნიშვნელოვნად დააზარალებს საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, რომლებმაც უზარმაზარი წვლილი შეიტანეს საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში. ეს კიდევ უფრო შეამცირებს სივრცეს კრიტიკული ხმისთვის და ხელს შეუწყობს პოლარიზაციას. საქართველოს მოქალაქეებმა არაერთხელ გამოთქვეს მტკიცე სურვილი საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ და ავლენენ კატეგორიულ წინააღმდეგობას კანონთან დაკავშირებით.

ვიზიარებთ კრიტიკას, რომელიც კანონთან დაკავშირებით გამოხატულია მრავალი პატივცემული ინსტიტუტის მიერ. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, სერიოზულად მოეკიდოს ქართველი და საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების შეშფოთებას და ჩააგდოს კანონი. სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია ჩვენი ღირსეული პარტნიორები არიან მას შემდეგ, რაც დავიწყეთ საქმიანობა საქართველოში ორი ათწლეულზე მეტი ხნის წინ. კანონის მიღების შემთხვევაში, ჩვენი ნამუშევარი საქართველოში მნიშვნელოვან უკუსვლას წააწყდება. გარდა ამისა, ჩვენ ღრმად ვწუხვართ, რომ მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ ვალდებულებას „უზრუნველყოს საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირში”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „ჰაინრიხ ბიოლის ფონდი“, „ფრიდრიხ ებერტის ფონდი“, „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის“ და „კონრად ადენაუერის ფონდი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები