მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში მოთამაშეთა რაოდენობა 6-7-ჯერ გადახრილია ნორმიდან - გუგა ბესელია

შემოსავლების სამსახური

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ თემატური მოკვლევის - „მოზარდებსა და ახალგაზრდებში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენციის და გამოჯანმრთელების პოლიტიკა: გამოწვევები და გაუმჯობესების შესაძლებლობები“ ანგარიში წარადგინა.

გივი მიქანაძის განცხადებით, 2022 წლის 1 იანვრიდან, საქართველოში ახალი საკანონმდებლო რეგულაციები ამოქმედდა. კერძოდ, აზარტულ თამაშებში მონაწილეობისთვის პირთა ასაკობრივი ცენზი 25 წლამდე გაიზარდა. მისივე განმარტებით, აღნიშნულმა რეფორმამ დადებითი გავლენა მოახდინა არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ.

მოკვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, გუგა ბესელიამ თქვა, რომ საქართველოში მოთამაშეთა რაოდენობა 6-7-ჯერ გადახრილია ნორმიდან. ამის მიზეზად კი, ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩოს და მარეგულირებელი ორგანოს არ არსებობა დაასახელა.

"გასულ წელს დავიწყეთ ამ საკითხზე მუშაობა, პრობლემის დარეგულირების მიზნით. ჩართული იყო ყველა აქტორი და არასამთავრობო სექტორი. ასევე, ყოფილი მოთამაშეები. ასეთმა მრავალმხრივმა მუშაობამ ჩამოაყალიბა შეხედულებები, რომელსაც გაგაცნობთ.

პირველი რეკომენდაცია, რომელიც ვფიქრობ ეფექტიანად იმუშავებს ამ პრობლემასთან მიმართებით არის, ერთიანი მარეგულირებელი ორგანოს ჩამოყალიბება. რადგან თვითონ პრობლემა თავისი მასშტაბურობიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე გადანაწილებულია სხვადასხვა სამინისტროებში. ფინანსთა სამინისტროში, განათლების სამინისტროში, შსს-ში და ჯანდაცვის სამინისტროში. შესაბამისად, ვინაიდან რამდენიმე უწყებაშია გადანაწილებული არ არსებობს ერთიანი პოლიტიკა, როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემის ნორმის ფარგლებში მოქცევა. ნორმის ფარგლებში მოქცევას არის იგივე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოწოდებაც. ის ფაქტორი, რომ ქვეყანაში თამაშდამოკიდებული ადამიანები იქნებიან ეს მოცემულობაა, თუმცა დათვლილია მოსახლეობის რა პროცენტია ნორმა რომ მოსახლეობის ეს პროცენტი იყოს თამაშდამოკიდებული. საუბარია დაახლოებით 2-3%-ზე. საქართველოში ეს ოფიციალური მონაცემი არ არსებობს, თუმცა კვლევებით 15%-ს აღწევს. რაც ნორმიდან 6-7-ჯერ გადახვევაა. ასეთი მძიმე ფონი განპირობებულია იმით რომ ჩვენთან არ არსებობს ერთიანი პოლიტიკა და მარეგულირებელი ორგანო. ამ დროს, ჩვენთან აზარტული თამაშები უფრო შეზღუდულია ვიდრე ბრიტანეთში, მაგრამ ბრიტანეთს აქვს ყველა ზემო ხსენებული კომპონენტი უკვე 20 წელზე მეტია. მთავარი განმასხვავებელი ისაა, რომ იქ მარეგულირებელი ორგანო არსებობს, ჩვენთან არა", - განაცხადა გუგა ბესელიამ.

ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ მუშაობა საჭიროა რამდენიმე მიმართულებით და ერთ-ერთი მნიშვნელოვანია პრევენცია და საგანმანათლებლო მიმართულება, რომელიც იმუშავებს სკოლის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან.

„კვლევებმა გვაჩვენა, რომ მოზარდების 10% ამბობს, რომ მათი მშობლები თვითონ აფინანსებენ მათ თამაშს, ოღონდ მიზანმიმართულად, დანარჩენების თამაშსაც მშობლები აფინანსებენ, მაგრამ იმათ არ იციან. ამ 10 %-ის მშობელმა იცის, თუ რისთვის აძლევს ფულს თავის შვილს და მოტივაცია რა არის - თვლის, რომ ამ მოქმედებით მისი შვილი უფრო დაცული იქნება, ვიდრე იმით, რომ ვთქვათ, გავიდეს გარეთ და იქ თანატოლებთან ითამაშოს ფეხბურთი ან სხვა რამ. ურჩევნია თავის შვილი იჯდეს სახლში და პოკერს თამაშობდეს. ამ ცნობიერებაზეა საუბარი. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ არამხოლოდ მოზარდის, არამედ სკოლის პერსონალის, მშობლების და სრულიად საზოგადოების მიმართულებით, რადგან მაგალითისთვის რომ ვთქვათ, სარეაბილიტაციო ცენტრებთან კომუნიკაციის შედეგად ფიქსირდება, რომ მშობლებს გააზრებული არ აქვთ, რომ მათი ოჯახის არის დაავადებული და არა ცუდი (ადამიანი). ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, როცა პირზე ასე ფიქრობენ, ეს პირი კიდევ უფრო დიდხანს მალავს პრობლემას და პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება,“ - განაცხადა გუგა ბესელიამ.

თემატური მოკვლევის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები შესასრულებლად შესაბამის ორგანოებს გაეგზავნებათ. მოკვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით განხორციელდა. კომიტეტმა ანგარიში ცნობად მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები